ნუ გექნებათ ექსკლუზივი ევროპულობაზე, დასავლურ კურსზე, განათლებაზე - ასე სწორედ სააკაშვილი საუბრობდა

ნუ გექნებათ ექსკლუზივი ევროპულობაზე, დასავლურ კურსზე, განათლებაზე - ასე სწორედ სააკაშვილი საუბრობდა

”რესპუბლიკელებზე” ნაკლები განათლების და კვალიფიკაციის არ არის ”ქართული ოცნების” რომელიმე ლიდერი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან” საუბარში ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გუშინ გასაჯაროებულ წერილს გამოეხმაურა.

"არამგონია, რომ ”რესპუბლიკურ პარტიასთან” საარჩევნო კამპანია ეპისტოლარული ჟანრით უნდა წარვმართოთ და დიდად არ მხიბლავს ეს. მე ისეთი განცდა მაქვს, რომ საარჩევნო კამპანიას ასე უფრო ვუადვილებთ ყურადღების მისაქცევად და ერიდებიან ხალხთან პირისპირ კომუნიკაციას.

რაც შეხება წერილს, ეს სტილიც ნაცნობია - წერილების გასაჯაროება საჭირო დროს. ეს კარგი სტილი არაა ჩემთვის პირადად, ეს არც გონიერებაზე მიუთითებს და არც პოლიტიკურ კლასზე.

არც ის მგონია მათი გუნდის ნებისმიერ წევრზე ნაკლები განათლების და კვალიფიკაციის იყოს ჩვენი გუნდის რომელიმე ლიდერი. თუ ეს ასე არაა, აგერ ბატონებო, დაუმტკიცეთ ამორჩეველს, რომ ხართ კარგები და მიიღეთ მარტო მანდატები”, - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, კარგია, რომ ცალ-ცალკე გადის ყველა არჩევნებზე, რადგან ეს წარმოაჩენს ყველას რეალურ წონას.

”არ მოგწონთ ბიძინა ივანიშვილი? გააკეთეთ მასზე მეტი და მასზე უკეთესად, ოღონდ ეს გააკეთეთ დამოუკიდებლად. დაუმტკიცეთ ამომრჩეველს, რომ თქვენ უკეთესები ხართ ჩვენზე. მთელი ეს გლოვა და ვაი-ვიში ჰგავს განქორწინების შემდეგ გაანჩხლებული მხარის პოზიციას. არ მესმის, თან ლანძღავ ადამიანს და თან ეხვეწები მარტო არ დამტოვოო. დიახ, კარგია რომ ცალ-ცალკე გავდივართ არჩევნებზე, ეს ქვეყანას არ ავნებს, ეს წარმოაჩენს ყველას რეალურ წონას”, -განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთ ლიდერ თინა ხიდაშელსაც მიმართა.

”მე მესიჯებით არ ვსაუბრობ თინა. საკმარისი გამოცდილება, გონიერება და ლექსიკონიც მაქვს იმისთვის, რომ ჩემი საკუთარი პასუხი მქონდეს ყველაფერზე. ნურც განათლებაზე ვიდავებთ, ექსკლუზივი ნუ გექნებათ ევროპულობაზე, დასავლურ კურსზე, განათლებაზე - ასე სწორედ სააკაშვილი საუბრობდა. ვინ რას წერდა, რას ეუბნებოდა და რას აკეთებდა - ჩემს მეხსიერებას იმდენი ინფორმაცია აქვს შემონახული ყველაზე დრამატული წლების, რომ ამის საჯარო დისკუსიაში გადმოტანა არაეთიკურად მიმაჩნია. მესმის არჩევნებია და ბევრი რამ შიშვლდება, მაგრამ ამავე დროს ეს ეხმარება ამომრჩეველს დაინახოს ვინ ვინაა.

ვისურვებ, რომ პოლიტიკური დებატები იყოს მაღალი პოლიტიკური კულტურის და ეთიკური სტანდარტების დაცვით. დანარჩენი 9 ოქტომბერს გაცხადდება”, - განაცხადა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით უსუფაშვილი ყოფილი და მოქმედი პრემიერების, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2016 წლის 11 მარტს გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს.

წერილში უსუფაშვილი ადრესატებს წერს, რომ სასწრაფოდაა გადასაწყვეტი კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი. მისივე შეფასებით, ეს არის ნომერ პირველი კოალიციური, სახელისუფლებო და სახელმწიფო ამოცანა.

წერილში საუბარია „რესპუბლიკელებთან“ ურთიერთობაზე. უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში მას პრაქტიკულად ამოეწურა ”დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის რესურსი”.