ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ახლა ზღვარზე ვართ და ასე გაგრძელება არ შეიძლება, ყველა ხვდება, რომ ცვლილებები აუცილებელია, - ამის შესახებ ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში პოლიტიკური პარტიების დაპირებების შეფასებისას სამედიცინო ცენტრ ”ურანტის” ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზურაბ სიხარულიძემ განაცხადა.
როგორც სიხარულიძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნა, ქვეყანაში უნდა გადაიხედოს ნარკოპოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განვითარდება სერვისები, უამრავი ოჯახი დარჩება რეპრესიების ქვეშ, კიდევ უფრო აქტუალური გახდება ინლაინ-სესხები.
”ეროვნული პლატფორმის ფარგლებში ყველა პარტიას შევხვდით. ყველა პარტია საუბრობს დეკრიმინალიზაციაზე, მაგრამ კონკრეტულად არავინ არაფერს ამბობს. არის დეკლარირებული განცხადებები. ერთადერთი, ვინც მუშაობის ფორმატში გადასვლის სურვილი გამოთქვა, მმართელი პარტიაა, რომელმაც აღნიშნა, რომ მზად არის გარკვეული სამუშაო ჯგუფები შექმნას, გაეცნოს საექსპერტო კვლევებს. ასევე, ”თავისუფალი დემოკრატები” ყველაზე გაცხადებულად და სწორად აღიქვამენ პრობლემას. დანარჩენების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები ვერ დავინახეთ”, - განაცხადა სიხარულიძემ.
მისივე თქმით, კრიტიკული მასა დაგროვდა საზოგადოებაში, რომელსაც დაემატა დემურ სტურუასთან დაკავშირებული მოვლენები.
”ბევრი პრობლემა დაგროვდა, პასუხები კი არ არსებობს. უნდა გადაიხედოს ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განვითარდება სერვისები, უამრავი ოჯახი დარჩება რეპრესიების ქვეშ, კიდევ უფრო აქტუალური გახდება ონლაინ-სესხები. ერთი რაზეც ყველა პარტია საუბრობს, არის მსუბუქი ნარკოტიკები და მის დეკრიმინილაზიციაზე ყველა თანახმაა, თუმცა რამდენად შეძლებენ ამას და დარჩება თუ არა დაპირება დაპირებად, არ ვიცი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყველა იყო პარლამენტში - ”რესპუბლიკელებიც”, ”ქართული ოცნებაც”, ”ნაციონალური მოძრაობაც”, თუმცა იქ შესულ კანონპროექტს არც ერთმა დაუჭირა მხარი. ახლა ზღვარზე ვართ და ასე გაგრძელება არ შეიძლება. ის რაც ხდება, ყველას აფიქრებს, რომ ცვლილებები აუცილებელია”, - განაცხადა პროფესორმა.
როგორც სიხარულიძემ აღნიშნა, ყოველი არჩევნების წინ ერთი და იგივე ხდება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, თუმცა რეალურად არაფერი იცვლება.
”ნაციონალური მოძრაობა” რომ მოდიოდა, შეგიძლიათ ნახოთ, მიშა როგორ ამბობს, რომ ციხეში არ უნდა წავიდეს ნარკოტიკების მომხმარებელი, თუმცა შემდეგ ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა. ეს დაპირებები პიარის, რადგან საზოგადოებისთვის არის ძალიან მტკივნებული თემა, თუმცა ძალიან მძიმე შედეგები გვაქვს ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით. ბოლო კვლევებით, არის 50 000 პრობლემური მომხმარებელი ანუ ინტრავენული. ხოლო მათი რიცხვი,ვინც მოიხმარს სააფთიაქო, კლუბურ ნარკოტიკებს, არის რეკრეაციული მომხმარებელი, არავინ იცის”, - აღნიშნა სიხარულიძემ.
ამასთან, მან კვლევებზე დაყრდნობით ისიც განაცხადა, რომ საზოგადოებაც მომწიფებულია ცვლილებებისკენ.
”ბოლო კვლევებით, დაახლოებით 80%-მდეა მომხრე მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის, ხოლო 60%-მდეა მათი რიცხვი, ვინც ყველა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციის მომხრეა. საზოგადოებაც მომწიფებულია ამ ცვლილებებისთვის. ადრე იყო დამოკიდებულება, რომ საზოგადოება ამას ვერ მიიღებდა. მმართველი გუნდისგან კარგი მესიჯები წამოვიდა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ისინი ხვდებიან პრობლემებს, დღეს ასე გაგრძელება არ შეიძლება და ვეღარ გადააბრალებენ საზოგადოებას, რომ ასეთი ნაბიჯებისთვის მზად არ არის. ცვლილებები მნიშვნელოვანია თუნდაც სამთავრობო პროგრამების მიმართულებით, კერძოდ: ხელისუფლება აწარმოებს ”ც ჰეპატიტის” პროგრამას, თუმცა ეს პროგრამა ვერ გახდება წარმატებული, რადგან არის დიდი შანსი, რომ ეს ადამიანები ისევ დაუბრუნდნენ ნარკოტიკების მოხმარებას და დაინციფირდნენ, თუ სერვისები არ განვითარდა იმ დონეზე, რომ პრევენცია იყოს როგორც პირველადი, ისე მეორადი”, - აღნიშნა სიხარულიძემ.
რაც შეეხება შეკითხვას, დეკრიმინალიზაციის და ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ცვლილებების გატარების შემთხვევაში, რამდენად არის სახელმწიფო მზად იგივე სარეაბილიტაციო ცენტრებისა თუ სერვისების შექმნის თვალსაზრისით, სიხარულიძის თქმით, დარგი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა, იგი მიიჩნევს, რომ ვერ იქნება სერვისი, თუ არ შეიცვალა კანონმდებლობა.
”ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია დარგი. დარგი არის მონოპოლიზირებული, სერვისები არ ვითარდება. მის სათავეში დგას ინსტიტუცია, რომელიც რეალურად ვერაფერს აკეთებს წლების მანძილზე, ვერ დანერგა რაიმე სიახლე. კერძო სექტორში არსბეული კლინიკები ფაქტობრივად ომის რეჟიმში არიან ამ ცენტრთან. გახსოვთ ივნისის თვეში განვითარებული მოვლენები, როდესაც 1000 პაციენტი ლამის ჰაერში დარჩა. დარგში არის სტაგნაცია. ამას ხელს უწყობს კანონმდებლობა, რისგანაც გამოწვეულია, რომ არ არის განსაზღვრული ოდენობები, სერვისებზე გამოყოფილი თანხა, სარეაბილიტაციო პროგრამები ცოტაა. სახელმწიფოს დაფინანსება კი არის 5 მილიონი, მაგრამ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკის შედეგად ბიუჯეტში 60-70 მილიონი ლარი შედის ჯარიმით და საპროცესო გარიგებებით. რა თქმა უნდა, ეს რიცხვები არ არის დაბალანსებული. პაციენტები ვერ იღებენ საკმარის სერვისებს, რადგან არ არის ფინანსები. თუმცა, სერვისების განვითარება და არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლა ერთი მეორიდან გამომდინარეობს. ამბობდნენ, რომ სერვისები არ გვაქვს და ვერ მოხდება დეკრიმინალიზაციაო, თუმცა ვერ გაჩნდება სერვისი, თუ ის თანხები, რაც ხმარდება რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას, არ გადმოვიდა სერვისების განვითარებაზე. ასევე ვსაუბრობთ, ალტერნატიულ მკურნალობაზე, კერძოდ, თუ ადამიანი მძიმე დანაშაულს ჩაიდენს, არ წავიდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და წავიდეს სამკურნალო დაწესებულებაში. ეს არის ისეთი პრაქტიკა, რომელიც ბევრ ქვეყანაშია და წარმატებულია. ყველაზე ცუდი რაც არის, რომ ვინც ნარკოტიკების გამო სამართლდება, კარგავს ყველანაირ უფლებას და ის ყველანაირად დისკრიმინირებულია”, - განაცხადა სიხარულიძემ.
მისივე თქმით, დეკრმინალიზაცია არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება ნარკომომხმარებელთა რაოდენობა.
„არავითარ შემთხვევაში არ გაიზრდება და ამის მაგალითი არის ბევრ ქვეყანაში. იკლებს აუცილებლად სააფთიაქო ნარკომანია. სადაც მოხდა დეკრმინალიზაცია, დასტაბილურდა ნარკომომხმარებლების რაოდენობა და შემდეგ შემცირდა. დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში ნარკომომხმარებლები ამოდიან იატაკქვეშიდან და მიდიან დაწესებულებებში და ა.შ. ერთადერთი შესაძლოა მოიმატოს რეკრეაციულმა მოხმარებამ, თუმცა ეს იქნება საკმაოდ უმნიშვნელო პერიოდი, რომელიც შემდეგ დასტაბილურდება. დასჯაზე ორიენტირებული პრევენცია არ მუშაობს, მუშაობს სხვა მექანიზმები. გარდა იმისა, რომ უნდა მოვახდინოთ დაავადებულების მკურნალობა, ასევე აუცილებელია პრევენცია სკოლიდან და ბაღიდან დავიწყოთ. ინფორმაცია სწორად უნდა მიეწოდოს ადამიანს, როდესაც მოიხმარს ნარკოტიკს. დანარჩენი მისი გადასაწყვეტია მოიხმაროს თუ არა. იმის გამო, რომ ადამიანმა ერთხელ პლანი მოწია, 8 წელი ციხეში არ უნდა მიდიოდეს, ამის გამო არ უნდა ჩამოართვან უფლებები”, - აღნიშნა სიხარულიძემ.
პოლიტიკურმა პარტიებმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საარჩევნო პროგრამაში საკუთარი ხედვები წარადგინეს. გუშინ ამის შესახებ ”თავისუფალმა დემოკრატებმა” ისაუბრა, რომელიც პირობას დებს, რომ ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გაუქმდება.