როდესაც ის ბრძანებს, რომ პინგ-პონგი არ უნდა, მე ვამბობ, რომ ცალ კარში თამაშზე არ ვარ თანახმა, რომ კითხვაზე პასუხი არავინ გასცეს, - ამის შესახებ ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
დავით უსუფაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი გაგზავნილი წერილი, სწორედ მისი მისამართით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ბოლო პერიოდში გახშირებული კრიტიკის საპასუხოდ გამოაქვეყნა.
”ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა პერსონალურად ჩემზე და ”რესპუბლიკელებზე” ყველა შესაძლო ტიპის უარყოფითი ეპითეტის დახარჯვა, მე სხვა აღარაფერი დამრჩენია, რომ საზოგადოებას ვამცნო სიმართლე. ამასთანავე, ეს არ არის პირადი წერილი და არ არის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი წერილი. ეს არის საქმიანი დოკუმენტი, კონკრეტულ საქმეზე, რომელშიც ახლა ბატონი ბიძინა სხვანაირად საუბრობს.
რაც შეეხება პინგ-პონგს, როდესაც ის ბრძანებს, რომ პინგ-პონგი არ უნდა, მე ვამბობ, რომ ცალ კარში თამაშზე არ ვარ თანახმა, რომ ცალ კარში არტყას პენალტები, ისე თითქოს არავინ და არაფერი არსებობს ამ ქვეყენაში და რომ კითხვაზე პასუხი არავინ გასცეს,” - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის „რესპუბლიკურ პარტიასთან“ პინგ-პონგის თამაშს არ აპირებს. ასე უპასუხა ივანიშვილმა „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ ფარგლებში კახეთში გამართულ შეხვედრაზე, „ინტერპრესნიუსის“ კითხვას პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადების თაობაზე, რომელშიც დავით უსუფაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს შეადარა და აღნიშნა, რომ მათი პოლიტიკა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს.
„ჩემი აზრით, მე „რესპუბლიკური პარტიის“ ამომწურავი შეფასება გავაკეთე და ახლა პინგ პონგის თამაშის დრო არა მაქვს, რომ მაგათ ყველა განცხადებაზე პასუხი გავცე. მე ამომწურავად შევაფასე „რესპუბლიკური პარტია“ და საკმარისია. მათთან უამრავი, უფრო სერიოზული კითხვებია. პინგ-პონგის თამაში უნდათ და მე მაგისთვის არ მცალია. მაგათ მეტი საქმე არ აქვთ, როგორც ჩანს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.