”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით ”ქართულ ოცნებას” 5 კითხვით მიმართავს. ხიდაშელი ინტერესდება, თუ როდის მიიღო პროკურატურამ მტკიცებულება; ამ ვიდეოსთან დაკავშირებით შეეკითხნენ თუ არა ყოფილ ”ნაციონალებს”, ვინც ”ოცნებას” სიაში ჰყავს წარმოდგენილი; ამ საქმეს ლევან მურუსიძის სასამართლო განსჯის თუ არა, რატომ იყვნენ წინააღმდეგნი ასეთ ფაქტებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის და ვინ მოკლა ნიკა კვინტრაძე.
”მე იმ ღამეს იქ ვიყავი. მერე რამდენიმე დღე რაიონ-რაიონ ვეძებდით ნაწამებ ადამიანებს ელჩებთან ერთად. ეს ამბავი ყველამ იცის, ამიტომ კადრების ნახვა არ მჭირდება ამ საშინელების აღქმის და პასუხისმგებლობის მოთხოვნისთვის.
მხოლოდ ხუთი კითხვა მაქვს, მაინც ხუთოსნები გახდით:
1. როდის მიიღო პროკურატურამ ეს მტკიცებულება? საქმეში უნდა ეწეროს და გვითხარით;
2. იმათ თუ ჰკითხეთ სიაში და ოლქებში მსუყედ რომ გყავთ წარმოდგენილი, ამ წამების რეჟიმის წარმომადგენლები, მეგობრები, დამფინანსებლები, გულმხურვალე მხარდამჭერები, ხელისგადატყავებამდე ტაშისმკვრელები?
3. ეს საქმე მურუსიძეს უნდა განასჯევინოთ?
4. რატომ იყავით წინააღმდეგი სწორედ ამ და მსგავს საქმეებზე საგამოძიებო კომისიის და სისტემური დანაშაულისთვის სახელის დარქმევის?
5. ვინ მოკლა ნიკა კვინტრაძე? ამას საპრეზიდენტო არჩევნების წინ გვანახებთ კინოში?
არანაკლები სირცხვილია ადამიანების ტრაგედიით, სახელმწიფოთი მანიპულაცია”, - აცხადებს ხიდაშელი.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე, ბრალდებულად არის ცნობილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.
ასევე, საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით, დაბარებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. მას მიეცა გონივრული დრო საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების მიზნით.
ასევე, როგორც ცნობილია, „26 მაისის საქმეზე“ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ივანე მერაბიშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, მასვე 1 წლის, ერთი თვის და 15 დღის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
საქმეზე გრძელდება გამოძიება დავით ახალაიას, ვასილ ლელუაშვილის, რევაზ შიუკაშვილის და ლევან ქარდავას მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ჩადენილი ძალადობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.