საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება უნდათ, მანიპულირებენ ძველი თემით და ამისთვის იყენებენ პროკურატურას, - ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე გაკეთებული განცხადებისა და გავრცელებული ვიდეო მასალის შეფასებისას განაცხადა.
როგორც გაბაშვილმა აღნიშნა, არავის სჯერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებული მასალა პროკურატურამ 7 წლის შემდეგ აღმოაჩინა.
”პროკურატურის ეს ბრიფინგი ადასტურებს იმას, რაც ჩვენ ისედაც ძალიან კარგად ვიცით, რომ ივანიშვილს და მის გუნდს არაფერი აქვთ სათქმელი არც აწმყოზე და არც მომავალზე, არც იმაზე, თუ როგორ დაძლევს ეკონომიკურ კრიზისს და არც იმაზე, თუ როგორ დაეხმარება ხალხს. შესაბამისად, მანიპულირებენ დაპირისპირებით, უნდათ საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება, მანიპულირებენ ძველი თემით და ამისთვის იყენებენ პროკურატურას. არავის სჯერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ოპერატორის გადაღებული მასალა დღეს, 7 წლის შემდეგ აღმოაჩინა პროკურატურამ”, - განაცხადა გაბაშვილმა.