შსს-ს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ე.წ. 26 მაისის საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს

შსს-ს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ე.წ. 26 მაისის საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. 26 მაისის საქმეზე, რომელზეც კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს: დათა ახალაიას, ლევან ქარდავას, ვასილ ლილუაშვილს და რევაზ შიუკაშვილს ბრალი წაუყენა, დაკითხვაზე შსს-ს მინისტრის ყოფილი მოადგილე და ამჟამად ოდესის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე დაიბარა. 
როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, მას მიეცა გონივრული ვადა, გონივრული დრო, რათა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადდეს. 
წიკლაურის ინფორმაციით, დაკითხვაზე დაბარების უწყება მის ოჯახს ჩაბარდა, გონივრული ვადა კი 2 დღეა, რათა გია ლორთქიფანიძე პროკურატურაში გამოცხადდეს. 
კითხვაზე, იმყოფება თუ არა გია ლორთქიფანიძე საქართველოში, პროკურორმა განმარტა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ის საქართველოში არ იმყოფება. 
დაკითხვაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში პროკურატურა გია ლორთქიფანიძის მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის ზომას მიმართავს. 
მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წარუდგინა.
როგორც პროკურატურაში გამართულ საგანგენო ბრიფინგზე აღინიშნა, 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ბრალდებულნი არიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა. 
უწყების განმარტებით, პროკურატურამ მოიპოვა აქამდე უცნობი ვიდეოკადრები, რომელშიც ასახულია, როგორ გასცემს 2011 წლის 26 მაისს დანაშაულებრივ ბრძანებას დათა ახალაია, რომელიც ითხოვს ყველა მომიტინგის დაკავებას, სანაცვლოდ კი შესაბამის პირებს მაღალ პრემიებს ჰპირდება.