უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად თეიმურაზ ტუღუში დანიშნა. უზენაეს სასამართლოში დღეს გაიმართა სასამართლოს პლენუმის სხდომა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 73 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს პლენუმის წინაშე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინა თეიმურაზ ტუღუშის კანდიდატურა.
პლენუმის წევრები გაეცნენ წარდგენილ კანდიდატს, მიიღეს მისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხი, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, უზენაესი სასამართლოს პლენუმის დამსწრე წევრთა მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, დაინიშნა თეიმურაზ ტუღუში“, - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.