ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები ყოველდღიურად განიცდიან დისკრიმინაციას

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები ყოველდღიურად განიცდიან დისკრიმინაციას

საქართველო საკმაოდ პატარა ქვეყანაა, ჩვენც გვაქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მაგრამ ჩვენ მომავალშიც შევიტანთ წვლილს საერთაშორისო ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია მიგრანტებისა და ლტოლვილების მასობრივი გადაადგილების მართვისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ში, მაღალი რანგის შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა, რომლის თემაა დევნილთა და მიგრანტთა გახშირებული გადაადილებები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ, სწორედ გაერო-ს ტრიბუნიდან დაიწყო 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელება და დაიდო პირობა, რომ „უგულებელყოფილი არავინ იქნება“.

"ამ განცხადებით, გაერო-ს წევრმა სახელმწიფოებმა აიღეს ვალდებულება მიგრაციის კრიზისის შედეგებზე რეაგირებასთან დაკავშირებით, რომელმაც უკვე მილიონობით ადამიანი დატოვა უსახლკაროდ. მიუხედავად ამისა, იძულებით გადაადგილება ამის შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა - წელს დაფიქსირდა საერთაშორისო მიგრანტების, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების გამაოგნებელი რაოდენობა - 300 მილიონი. ამ ფონზე, კონფლიქტები და მღელვარება აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში დღესაც იწვევს მასობრივ გადაადგილებას, ხოლო საზღვრების გადაკვეთისას დაღუპული მიგრანტების რიცხვი დღითი დღე იზრდება. მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში დგას საფრთხის წინაშე, რომ მათ უგულებელყოფენ",- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იძულებით გადაადგილების ტვირთის სიმძიმეს საქართველოც განიცდის.

"90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს კუთვნილი აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციის პირობებში რამდენჯერმე განხორციელდა ეთნიკური წმენდა. დაახლოებით 400 ათასი ადამიანი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა სულ ოთხ მილიონს შეადგენს. საოკუპაციო ხაზების გაყოლებაზე მავთულხლართების განთავსების პირობებში მათი შინ დაბრუნების პერსპექტივა არცთუ ისე იმედის მომცემია. ამასობაში კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები ყოველდღიურად განიცდიან დისკრიმინაციას. დაუშვებელია ამაზე და მსოფლიოში მიმდინარე სხვა პროცესებზე თვალის დახუჭვა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.