მთავარ პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, რა საქმეზეა დაბარებული გიორგი მერებაშვილი

მთავარ პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, რა საქმეზეა დაბარებული გიორგი მერებაშვილი

მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი მერებაშვილი, მეტსახელად „ნაცი“ პროკურატურაში იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გიორგი მერებაშვილის გამოკითხვა მოწმის სახით მიმდინარეობს. მთავარ პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, რა საქმეზეა დაბარებული გიორგი მერებაშვილი.

ამასთან, უწყებაში არ ადასტურებენ გამოთქმულ ეჭვებს, რომ მერებაშვილი შესაძლოა დაკავებული იყოს.

მერებაშვილის პროკურატურაში დაბარების შესახებ განცხადება ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე. ამავე საქმეში ბრალდებულის, გიორგი დგებუაძის, მეტსახელად "მასტერას" ადვოკატმა დავით აბესაძემ  გააკეთა.

„მერებაშვილის ცოლმა დაურეკა ერთ-ერთ ახლობელს და უთხრა, რომ ის ითხოვს ადვოკატს. არ ვიცით, დაკავებულია, თუ უბრალოდ კითხავენ. გვინდოდა ეს ინფორმაციის სახით მიგვეწოდებინა სასამართლოსთვის“, - განაცხადა ადვოკატმა.

როგორც ცნობილია, მერებაშვილი დღეს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაიკითხა. მისი თქმით, დათა ახალაიას მოადგილისგან ცრუ მოწმეების მოძებნის დავალება მიიღო.