რაც მეტ ტალახს ესვრიან ივანიშვილს და მეტ უმადურობას გამოიჩენენ, ეს მხოლოდ მათ რეიტინგს ავნებს

რაც მეტ ტალახს ესვრიან ივანიშვილს და მეტ უმადურობას გამოიჩენენ, ეს მხოლოდ მათ რეიტინგს ავნებს

პარლამენტის პირველი-ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ ”ქართული ოცნების” მისამართით კონფრონტაცია თავად მათი ყოფილი პარტნიორების მხრიდან მოდის, ხოლო ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები, არის შეფასება ამ ყველაფერზე.

როგორც კობახიძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ალბათ ბიძინა ივანიშვილს აქვს იმის თქმის საფუძველი, რასაც ამბობს.

”არა მგონია, ამ შემთხვევაში ყოფილ პარტნიორებთან კონფრონტაციული რეჟიმის არჩევასთან გვქონდეს საქმე. აქ საუბარია იმ შეფასებებზე, რომელიც თავის დროზე კოალიციიდან გასვლისთანავე გაკეთდა. იგივე გუბაზ სანიკიძის მხრიდან - როცა ბიძინა ივანიშვილის ღია ოფიციალური წერილი გამოქვეყნდა, მაშინ სანიკიძემ ძალიან მწვავე შეფასებები გააკეთა და თქვა, რომ ეს წერილი მას უნიჭო ხალხმა დაუწერა. ეს იყო მწვავედ ნათქვამი, რაც ცოტა უჩვეულო იყო. მე მისი მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებებს არ ველოდი და ამას ალბათ არც ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოელოდა. ამის შემდეგაც იყო კრიტიკული გამონათქვამები, რასაც დღეს ბატონმა ბიძინამ უპასუხა. მას ჰქონდა ”რესპუბლიკლების” მისამართით კრიტიკის საფუძველი. ძალიან ხშირად იყო შეხვედრები, რომელსაც ბატონი ბიძინა და ბატონი დავითი (უსუფაშვილი) ესწრებოდნენ და რაშიც ”ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღია - არ ვყოფილვარ ამ დიალოგის მონაწილე და მოწმე. ასე რომ, მე ვერ გამოვდგები რაღაცის უარსაყოფად ან დასამოწმებლად. მე უბრალოდ, რა თქმა უნდა, ვენდობი, ბატონ ბიძინას. პოლიტიკაში მისი ნდობის გამო მოვედი და თუ ვინმეს უნდა ვენდო ამ პოლიტიკაში, ეს ბიძინა ივანიშვილია - სხვები ნაკლებად. ალბათ ბატონ ბიძინას აქვს საფუძველი, რაზეც საუბრობს და რასაც ამბობს”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” მანანა კობახიძემ.

მისივე თქმით, კოალიციაში შემავალი ყოფილი პარტნიორები რაც მეტ ტალახს ესვრიან ბიძინა ივანიშვილს და რაც მეტ უმადურობას გამოიჩენენ, ეს მხოლოდ მათ რეიტინგს ავნებს.

”ლევან ბერძენიშვილის მიერ გაკეთებული შეფასება, რომ დაგვიბრუნეთ წინა ხელისუფლება და ჩვენ გავისტუმრებთო... ძალიან დიდი ბოდიში და, ხალხი 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს გაჰყვა, მას გაჰყვა, როგორც ლიდერს, მას ენდო და ის შედეგი, რაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მივიღეთ, იყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლისა და მის მიერ გადადგმული სარისკო ნაბიჯების შედეგი. მანამდე ჩვენმა ხალხმა, საზოგადოებამ ძალიან ბევრი ტყუილიც მოისმინა, იმედგაცრუება და არასწორი ნაბიჯებიც ნახა, წაგებული, დამარცხებული და დაბეჩავებული ოპოზიცია ნახა - ამ ქვეყანას არავითარი პერსპქტივა არ ჰქონდა იმისა, რომ იმ რეჟიმს ვინმე მოერეოდა და დაამაცხებდა. ახლა ამის გაუბრალოება და არდანახვა, ეს არის ძალიან დიდი უმადურობა. ყველაფერი არ უნდა თქვა, ყველაფერი არ უნდა იკადრო. მე მორალის კითხვას არ დავიწყებ, მაგრამ იმის თქმა, რომ თურმე ივანიშვილმა ძველი ხელისუფლება უნდა დააბრუნოს და მას ”რესპუბლიკელები” მოერეოდნენ და გაისტუმრებდნენ, ძალიან კომიკურია. ან რა საქციელი იყო სატელევიზიო ეთერში დავით ბერძენიშვილის სატელეფონო რეკვები?! მათ თავადაც იციან, რომ ”რესპუბლიკელების” რეიტინგი ყოველთვის ძალიან დაბალი იყო და ნუ ეწყინებათ, რომ ეს ფაქტი და მოცემულობაა. რაც მეტ ტალახს ესვრიან ბიძინა ივანიშვილს და რაც მეტ უმადურობას გამოიჩენენ, ეს მხოლოდ მათ რეიტინგს ავნებთ, მათ მიაყენებთ ზიანს, თორემ ბიძინა ივანიშვილს დაცვა არ სჭირდება. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ასეთ რაღაცეებს პოლიტიკაში უნდა ველოდოთ”, - განაცხადა კობახიძემ.