სახელმწიფოს მიერ უკვე ათეულობით სასოფლო-სამეურნეო მიწის აზომვითი ნახაზების ხარჯები ანაზღაურდა

სახელმწიფოს მიერ უკვე ათეულობით სასოფლო-სამეურნეო მიწის აზომვითი ნახაზების ხარჯები ანაზღაურდა

საქართველოს მთავრობის ინიციატივით ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის აგვისტოდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” ახორციელებს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზის მომზადების ხარჯების ამზომველთათვის ანაზღაურებას. პროექტის მიმდინარე შედეგები მედიის წარმომადგენლებს დღეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ეკატერინე სისაურმა გააცნო.

 „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიწის აზომვითი ნახაზის მომზადების საფასურის ანაზღაურების პროექტის ფარგლებში, 2016 წლის აგვისტოდან დღემდე  საქართველოს მასშტაბით  10 ამზომველ კომპანიას რამდენიმე ათეული  ნაკვეთის აზომვის საფასური  აუნაზღაურა. დღეის მდგომარეობით, პროექტის ფარგლებში სააგენტო 600-ზე მეტ განაცხადს განიხილავს და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში,  მოხდება აზომვითი ნახაზების მომზადების საფასურის ანაზღაურება“ - აღნიშნა ბრიფინგზე ეკატერინე სისაურმა.

სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ანაზღაურებას ექვემდებარება ამზომველსა და მოქალაქეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარჯები, თითოეულ მესაკუთრეზე არაუმეტეს 5 ჰა-ს ფარგლებში. ასანაზღაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა  1,5-ჰა მდე ფართობის მქონე  მიწის ნაკვეთზე  შეადგენს 80 ლარს, ხოლო 1,5-ჰა დან 5-ჰა მდე  მიწის ნაკვეთებზე  - 100 ლარს.

პროექტის ფარგლებში, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისათვის საჯარო რეესტრში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2017 წლის 30 ივნისია.