ბექა მიქაუტაძემ ამხანაგობების განვითარებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ბექა მიქაუტაძემ ამხანაგობების განვითარებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო განხილვაში მონაწილეობდა. დისკუსია სახელწოდებით „სახლი - გზა საბინაო სექტორის რეფორმირებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ უკრაინის ქალაქ ლვოვში 12-16 სექტემბერს გაიმართა და მასში ბექა მიქაუტაძე იმ გამოცდილების გასაზიარებლად მიიწვიეს, რომელიც მას, როგორც პროექტ „მართე შენი ქალაქის“ ავტორს გააჩნია. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისა და დამოუკიდებელ, თვითკმარ ობიექტებად ჩამოყალიბების მიზნით დაწყებული პროექტი „მართე შენი ქალაქი“ საპილოტე რეჟიმში, ამჟამად, მხოლოდ საბურთალოს რაიონში მიმდინარეობს.

„ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართა ქალაქ ლვოვში და ჩემთვის სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ შემეძლო გამეზიარებინა ის გამოცდილება, რაც თბილისში, კერძოდ, საბურთალოს რაიონში პროექტ „მართე შენი ქალაქის“ მიმდინარეობიდან დაგვიგროვდა. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები, ჩვენი გამოცდილება და ვფიქრობ, ამ შეხვედრებიდან მიღებულ ინფორმაციას მხოლოდ სასიკეთოდ გამოვიყენებ,“ - განმარტავს ბექა მიქაუტაძე.

ლვოვის დისკუსია იყო გაგრძელება იმ სამუშო შეხვედრებისა, რომელიც მიზნად ისახავს ტექნიკური დახმარების ცენტრების (TACs) პროფესიული ცოდნის და შესაძლებლობების გაძლიერებას პარტნიორ ქვეყნებში. ტექნიკური დახმარების ცენტრები შეიქმნა ბინათმესაკუთრეებისათვის ინფორმაციის და კონსულტაციის უზრუნველსაყოფად, ასევე ცნობიერების ასამაღლებლად საბინაო მართვის პროცესში.