პოლიტიკური პარტიების ნაწილი დამოკიდებულია დასავლეთზე, ნაწილი- ჩრდილოეთზე, ჩვენ კიდევ ღმერთის ანაბარა ვართ, - ამის შესახებ პარტია ”თამაზ მეჭიაური- ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მეჭიაურის თქმით, მისი პარტიის რეიტინგი ნორმალურია, თუმცა ის გარემო, რომელიც წინასაარჩევნოდაა შექმნილი სხვადასხვა პარტიებს არათანაბარ სიტუაციაში აყენებს.
”ჩვენს პარტიას პრაქტიკულად დაბლოკილი აქვთ მასმედასაშუალებები, რეიტინგული გადაცემები, რომლებიც ყველაზე ყურებადია და საარჩევნო სუბიექტების პოპულარიზაციაზე გავლენას ახდენენ. თავისთავად ცხადია, რომ ამ პირობებში ჩვენ დიდი პრობლემები გვექმნება. მე მგონი, ეს მაინც იმის ბრალია, რომ მასმედიის საშუალებების უმრავლესობა სხვადასხვა ფორმით დასავლეთის გავლენის ქვეშ არის. რამდენადაც პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ აბსოლუტურად პროქართულია, ეროვნულ ნიადაგზე აღმოცენებული, ეს მიუღებელია დასავლეთისთვის, უფრო ამერიკელებისთვის”, - განაცხადა მეჭიაურმა.
როგორც მეჭიაურმა განმარტა, პარტია ”თამაზ მეჭიაური- ერთიანი საქართველოსთვის” იმითაა გამორჩეული, რომ არც ერთი მხრიდან არ ფინანსდება და ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე აპირებს ხმების მოპოვებას.
”პოლიტიკური პარტიების ნაწილი დამოკიდებულია დასავლეთზე, ნაწილი ჩრდილოეთზე, ჩვენ კიდევ ღმერთის ანაბარა ვართ. ჩვენ ამ შემთხვევაში არც ერთი მხრიდან არ ვფინანსდებით. ინტერესი ორივე მხრიდან ჩვენს მიმართ მაინცდამაინც დიდი არ არის, განსაკუთრებით დასავლეთის მხრიდან. იმიტომ, რომ ჩვენ ღიად ვურტყამთ ნატო-ს, მიგვაჩნია, რომ ნატო არის აბსურდული და შესვლის შემთხვევაშიც კი შეიძლება კატასტროფული შედეგების მომტანი იყოს. გამომდინარე აქედან, მათ ინტერესებში არის ჩვენ მაქსიმალურად დაგვასუსტონ და არ მოგვცენ ბარიერის გადალახვის საშუალება. ჩრდილოეთის მხირდან ჩვენს მიმართ ნაკლები ინტერესი გამოიხატება იმით, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ რუსულ ინტერესს ვითვალისწინებთ მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთიანობის სარგებელს სჭირდება”, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
როგორც მან აღნიშნა, ამომრჩევლის მიერ პარტიის ”თამაზ მეჭიაური- ერთიანი საქართველოსთვის” საარჩევნო ნომრის, შვიდის, შემოხაზვა იქნება გადარჩენის და იმის მინიშნება, რომ პარლამენტში ქართული ხმა გაიჟღერებს.