ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის მხარს უჭერს ყველა იმ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, რომელიც კენჭს "ქართული ოცნების" სახელით იყრის.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს, ის გურიაში, მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატ აკაკი ჩხაიძეს, აცხადებს, რომ მას პირადად არ იცნობს.
"არ ვიცნობ ბატონ აკაკის. შეიძლება სადღაც შენახვედრი ვარ, ხელი ჩამომირთმევია. მე ვუჭერ მხარს ყველა მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც "ქართული ოცნებიდან" არის წამოყენებული. ეს არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც ხელეწიფება, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს. მაჟორიტარობის კანდიდატებს, ისევე როგორც მთელ გუნდს აყალიბებს კვირიკაშვილი და მთელი გუნდი. მე არ ვარ გუნდის ჩამოყალიბების მონაწილე. პირადად ყველას არ ვიცნობ. ეს პროცესი უჩემოდ მიდის",-განაცხადა ივანიშვილმა.
გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ ოლქში, აკაკი ჩხაიძე ამომრჩეველთან შეხვედრისას აცხადებს, რომ ის კარგად იცნობს ბიძინა ივანიშვილს და სწორედ ის არის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატი.
შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის გაერთიანებულ ოქლში "ქართული ოცნების" სახელით კენჭს ნინო წილოსანი იყრის.