,,აუდიტორია 115”-ის წევრები რექტორობის არჩევნებში გია შარვაშიძის მონაწილეობას აპროტესტებენ და აქციებით იმუქრებიან

,,აუდიტორია 115”-ის წევრები რექტორობის არჩევნებში გია შარვაშიძის მონაწილეობას აპროტესტებენ და აქციებით იმუქრებიან

სტუდენტური მოძრაობა ,,აუდიტორია 115”-ის წევრები აქციების გამართვას გეგმავენ. მოძრაობის წევრები თსუ-ს რექტორობის არჩევნებში განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის გია შარვაშიძის მონაწილეობას აპროტესტებენ და კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებენ.
მოძრაობის წევრების შეფასებით, შარვაშიძის გამარჯვების შემთხვევაში, უმაღლესი სასწავლებელი ავტონომიურობას დაკარგავს. დღეს, 18:00 საათზე, სტუდენტები საკუთარ პოზიციებს ლექტორებს გააცნობენ, ხვალ კი რექტორობის კანდიდატებს შეხვდებიან.
,,ჩვენ ვეწინააღმდეგებით გია შარვაშიძის კანდიდატურას, გამომდინარე იქედან, რომ ის იყო პოლიტიკური თანამდებობის პირი. მან უნდა მოხსნას თავისი კანდიდატურა რათა უნივერსიტეტს შეუნარჩუნდეს ავტონომიურობა. ჩვენ შეხვედრები გვექნება რექტორობის კანდიდატებთან, თავად ბატონ გიასთანაც და მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას”,- აცხადებენ მოძრაობაში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩვენებში სამი კანდიდატი დარეგისტრირდა, ესენი არიან: ფილოსოფოსი გიორგი ბარამიძე, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძე და უნივერსიტეტის პროფესორი ცირა ბარამიძე.
რექტორობის მსურველთა განცხადებებს აკადემიური საბჭო განიხილავს და რექტორობის კანდიდატს 23 სექტემბერს აირჩევს. რექტორის მოვალეობას ამ დრომდე დარეჯან თვალთვაძე ასრულებს.