ალეკო ელისაშვილი - ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის საშტატო ერთეული რეორგანიზაციის შემდეგ 91-ით იზრდება

ალეკო ელისაშვილი - ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის საშტატო ერთეული რეორგანიზაციის შემდეგ 91-ით იზრდება

თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის საშტატო ერთეული რეორგანიზაციის შემდეგ 91-ით გაიზრდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის პროექტი საკრებულოში უკვე შესულია. 
როგორც ელისაშვილმა განმარტა, აღნიშნულ სამსახურს რეორგანიზაციის შემდეგ სახელი შეეცვლება და გარემოს დაცვისა და მწვანე ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურად ჩამოყალიბდება.
„საკრეულოში სამსახურის რეორგანიზაციის პროექტი შემოტანილია. გავეცანი და ახლა მე ვამზადებ შენიშვნებს. ერთ-ერთი, ყველაზე მთავარი, რაც თვალში მომხვდა, არის ის, რომ გამწვანების სამსახურის შტატი 91 ერთეულით უნდა გაიზარდოს. აღნიშნული საქალაქო სამსახური გარემოს დაცვისა და მწვანე ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურად უნდა გადაკეთდეს. შეგვიძლია ამაზე მსჯელობა, მაგრამ თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსს ნინო სულხანიშვილს უბრალოდ უფლება არ აქვს, რაიმე რეორგანიზაციაზე საუბრობდეს ყაზბეგის 22-ში, 17 აგვისტოს მოჭრილი ხეების შემდეგ. მე მასთან საქმე არ მაქვს. ეს არის უპასუხისმგებლო ჩინოვნიკი, რომელსაც დანაშაულის განცდა არ აქვს, არადა ამ ისტორიაში ის არის დამნაშავე“, - დანაცხადა ელისაშვილმა.