პაატა ბურჭულაძე - ბიძინა ივანიშვილი არის მატყუარა და მისგან მოვითხოვ საჯარო ბოდიშის მოხდას

პაატა ბურჭულაძე - ბიძინა ივანიშვილი არის მატყუარა და მისგან მოვითხოვ საჯარო ბოდიშის მოხდას

ბიძინა ივანიშვილი არის მატყუარა და მისგან მოვითხოვ საჯარო ბოდიშის მოხდას იმ არაერთი ცილისმწამებლური განცხადების გამო, რაც მან ბოლო დროს იკადრა, - ამის შესახებ საარჩევნო ბლოკის - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს კვლავ ჰყავს არაფორმალური მმართველი. 
”ჩვენ ყველანი დაუყოვნებლივ შესაცვლელი, მწარე რეალობის წინაშე ვდგავართ, ჩვენს ქვეყანას მართავს არა მთავრობა, არამედ არაფორმალური მმართველი, რომელსაც შეუძლია საჯაროდ იცრუოს. მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემი ქვეყნისთვის სიკეთის მეტი არაფერი გამიკეთებია, არავის აქვს უფლება სრულიად უსაფუძვლოდ და უპასუხისმგებლოდ მომაყენოს პირადი შეურაცხყოფა და შეეცადოს ჩემი ამომრჩევლისა და მთელი საზოგადოების მოტყუებას. ამით ბიძინა ივანიშვილმა თავისი თავი ამხილა! ის არის მატყუარა და მისგან მოვითხოვ საჯარო ბოდიშის მოხდას იმ არაერთი ცილისმწამებლური განცხადების გამო, რაც მან ბოლო დროს იკადრა. მან დამაბრალა, თითქოს თანადგომა მთხოვა და სანაცვლოდ დიდი ფული მოვითხოვე, რაც სრული სიცრუეა! სხვა ყოველი წინადადება, რაც ჩემ შესახებ ბრძანა იყო, ასევე სიცრუე! და აქ მთავარია არა ის, რომ ივანიშვილმა იცრუა ჩემ შესახებ, არამედ ის, რომ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელსაც შეუძლია ასე უტიფრად მოატყუოს ხალხი. და ეს კაცი დღეს ჩვენ გვინიშნავს და გვიხსნის მინისტრებსა და პრემიერ-მინისტრებს“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
აღნიშნული საარჩევნო ბლოკის ლიდერის განმარტებით, შეეძლო რომელიმე წარმატებულ ქვეყანაში ფუფუნებაში გაეტარებინა ცხოვრება, მაგრამ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე არასდროს უფიქრია. 
„ბევრს, ჯერ კიდევ უკვირს, რატომ თქვა უარი პაატა ბურჭულაძემ იმ ზღაპრულ ცხოვრებასა და პირობებზე, რომელიც მას ბედმა არგუნა. მე ნამდვილად შემეძლო რომელიმე წარმატებულ ქვეყანაში ფუფუნებაში გამეტარებინა დარჩენილი ცხოვრება, მაგრამ ამით არასდროს ვიქნებოდი ბედნიერი. ჩემთვის ყველა დროსა და ყველა საქმეში, ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი აუდიტორია იყო და არის ქართველი ხალხი. არასოდეს მიფიქრია მხოლოდ ჩემ კეთილდღეობაზე, მე ყოველთვის ვზრუნავდი ჩემ ხალხზე, ყველა მთავრობის დროს ვცდილობდი სარგებელი მომეტანა ჩემი ქვეყნისთვის და ყოველთვის ეს იყო ჩემი მთავარი მოტივაცია და ეს მაძლევდა ძალას. პოლიტიკოსებმა მრავალჯერ გაუცრუეს იმედი ქართველ ხალხს. დასავლეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩემ მეგობრებსა და გავლენიან პოლიტიკურ ლიდერებს შორის, უპირობო მხარაჭერა დაიმსახურა ჩემმა გადაწყვეტილებამ და იდეამ მოძრაობისა „სახელმწიფო ხალხისთვის“. მათ არ გასჩენიათ შეკითხვები, რადგან იქ ყოველი ადამიანი ცდილობს აკეთოს ის საქმე, რომლითაც პირველ რიგში სარგებელს მოუტანს საზოგადოებას და ეს იქ ნორმაა, ამის გარეშე ადამიანები ცხოვრების აზრს ვერ ხედავენ,” - აღნიშნა მან.
ამასთან ბურჭულაძე პირდება საქართველოს მოსახლეობას, რომ თავის გუნდთან ერთად ქვეყანას ”ეკონომიკური და სამართლებრივი კრიზისიდან გამოიყვანს.” 
”ხმამაღლა ვაცხადებ, რომ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არასოდროს მიღალატია ჩემი სიტყვისთვის და ყველა დაპირება ბოლომდე მიმიყვანია. მე ქართველ ხალხს მივეცი პირობა, რომ ჩემ გუნდთან ერთად გამოვიყვან ამ ეკონომიკური და სამართლებრივი კრიზისიდან, მათ აღარ შეეშინდებათ ხვალინდელი დღის. ქართველი ხალხის სამსახურში ჩავაყენებ ყველა ჩემ ევროპელ და ამერიკელ გავლენიან მეგობარს, საქართველოს აღარავისთვის არაფერი ექნება სათხოვარი, საქართველო იქნება ძლიერი და გავლენიანი ქვეყანა,”- განმარტა პაატა ბურჭულაძემ.