ალეკო ელისაშვილი და დავით ზურაბიშვილი პროკურატურას სამი შეკითხვით მიმართავენ

ალეკო ელისაშვილი და დავით ზურაბიშვილი პროკურატურას სამი შეკითხვით მიმართავენ

ყაზბეგის #22-ში ხეების გაჩეხვის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრი დავით ზურაბიშვილი მთავარი პროკურატურისგან სამ კითხვაზე პასუხს ითხოვენ. 
ალეკო ელისაშვილმა და დავით ზურაბიშვილმა დღეს საკრებულოში პრესკონფერენცია გამართეს, რომელიც ყაზბეგის #22-ში ხეების გაჩეხვის ფაქტს შეეხებოდა. 
„დაახლოებით ერთ თვეზე მეტი გავიდა, რაც ყაზბეგის 22-ში ხეები გაიჩეხა. მაშინ პროკურატურამ განაცხადა, რომ დაიწყო ფაქტის გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის მუხლით. ამ ერთი თვის განმავლობაში სამი მთავარი კითხვაა, რომელზეც არ არის დღემდე პასუხი. მეც და დავით ზურაბიშვილსაც გვაქვს საჯარო მიმართვა პროკურატურისადმი: რა დაადასტურა ექსპერტიზამ, ის ხეები ჯანსაღი იყო თუ ხმელი? მეორე - იყო თუ არა დანაშაული ჩადენილი ამ ხეების მოჭრით? და მესამე - თუ იყო დანაშაული ჩადენილი, ვინ არის დამნაშავე და როგორ უნდა აგოს პასუხი?“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა პრესკონფერენციაზე. 
თავის მხრივ, „რესპუბლიკელმა“ დავით ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პროკურატურამ დროულად უნდა დაასრულოს ეს საქმე. ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ამ საქმის გამოძიებას ერთი თვე არ სჭირდებოდა. 
„შეგნებულად ხდება, რომ ეს საქმე იყოს მიფუჩეჩებული. ჩვენ ვახსენებთ მერიას, პროკურატურას, რომ დროზე გასცენ ამ კითხვებს პასუხი“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა. 
ზურაბიშვილმა საუბრისას ასევე დასძინა, რომ იგი საპარლამენტო არჩევნებში საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატია და ამ ფაქტის გამოძიებით დაინტერესებულია. 
დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ყაზბეგის 22-ში ხეების გაჩეხვის ფაქტს დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი ჰქონდა და საზოგადოებამ უნდა მიიღოს კითხვებზე პასუხი.