საქართველო ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მაღალი დონის ღონისძიებას პირველად უმასპინძლებს

საქართველო ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მაღალი დონის ღონისძიებას პირველად უმასპინძლებს

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის ფარგლებში საქართველოს ინიციატივით პირველად გაიმართება მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიება E-governance, transparency and public services, რომელიც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტს - ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობას მიეძღვნება. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ასევე, გაერო-ს ინსტიტუტებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმსჯელებენ მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ეფექტური ინტიტუტების არსებობის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებულ რეფორმებზე და საუკეთესო გამოცდილების ურთიერთგაზიარების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ელექტრონული მმართველობისა და ეფექტიანი და გამჭირვალე საჯარო მომსახურების საკითხებს. 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც მმართველობის სფეროში და ეფექტური საჯარო მომსახურების უზრუნველსაყოფად საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ესტონეთის პრეზიდენტი, კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბელგიის ვიცე-პრემიერ მინისტრი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაერო-ს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორი, რუანდის ახალგაზრდობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი, ფინეთის საგარეო ვაჭრობისა და განვითარების მინისტრი, ასევე, აშშ-ს, იორდანიის, მექსიკის, შვეიცარიის, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოთა მაღალი რანგის წარმომადგენლები. საქართველოსთან ერთად, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილი აღნიშნული ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ესტონეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა და გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP).