კიევში მდებარე რუსეთის საელჩოსთან დემონსტრანტებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. არიან დაშავებულები. საელჩოსთან მყოფი ჟურნალისტების ინფორმაციით, ნაციონალისტური ორგანიზაცია „თავისუფლების“ წევრები დიპლომატიური დაწესებულების ბლოკირებას ცდილობდნენ, რათა ხმის მიცემის მსურველი რუსეთის მოქალაქეებისთვის შიგნით შესვლის საშუალება არ მიეცათ.
„ბი-ბი-სი“-ს ცნობით, აქტივისტებმა ვლადიმერ პუტინის გამოსახულების ფიტულიც მიიტანეს და სკანდირებდნენ „დიდება უკრაინას“. ადგილზე მობილიზებული პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგის ადგენას ცდილობდნენ.
საელჩოს შენობასთან მიტინგი ამ წუთებშიც მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც რუსეთის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე მოუწოდებენ.
ოდესაში სამართალდამცველებმა რუსეთის საკონსულოსთან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებისთვის 4 ადამიანი დააკავეს.