BBC ქართველი პარაოლიმპიელის, ზვიად გოგოჭურის ისტორიულ გამარჯვებაზე წერს

BBC ქართველი პარაოლიმპიელის, ზვიად გოგოჭურის ისტორიულ გამარჯვებაზე წერს

BBC-ის რუსული რედაქცია, ქართველ პრაოლიმპიელ ზვიად გოგოჭურს ვრცელ სტატიას უძღვნის სახელწოდებით: "ქართველი პარაოლიმპიელის ისტორიული გამარჯვება".

როგორც სტატიაშია ნათქვამი, საქართველომ პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მცირე პერიოდში, პირველი ოქროს მედალი აიღო. სწორედ ზვიად გოგოჭურის მიერ მოპოვებულმა მედალმა მიიქცია პარაოლიმპიადისკენ საზოგადოების ყურადღება, რადგან საქართველოში პარაოლიმპიურ თამაშებს დიდ ყურადღებას არ აქცევენ.

"მე, რა თქმა უნდა, ვემზადებოდი ოქროსთვის, მაგრამ ოლიმპიადაზე ყველა მომზადებულია, მით უმეტეს ძიუდოში, რადგან ეს ისეთი სპორტია, სადაც პატარა შეცდომასაც არ გპატიობენ. მე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვღელავდი",- აცხადებს BBC-ის კორესპონდენტთან საუბარში გოგოჭური.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ზვიად გოგოჭური საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში დაიბადა და ძიუდოში ვარჯიში 10 წლის ასაკიდან დაიწყო.

სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს, რომ პარაოლიმპიელს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები 12 წლის ასაკიდან დაეწყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, სპორტსმენი ვარჯიშს განაგრძობდა და გამარჯვებებს აღწევდა.

"ექიმები მეუბნებიან, რომ დახმარება ოპერაციის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია. გერმანიაშიც ვიყავი, სადაც მედიკოსებმა იგივე მითხრეს. დღეს ყველაფერი ისე სწრაფად ვითარდება, რომ იმედი მაქვს, ოდესმე, ჩემს დახმარებასაც შეძლებენ",- აღნიშნავს ზვიად გოგოჭური.

ზვიად გოგოჭურმა პარაოლიმპიური კარიერა გასული წლიდან დაიწყო და დროის მცირე მონაკვეთში საერთაშორისო თამაშებში - სეულში, ასევე ევროპის ჩემპიონატზე უსინათლოთა შორის ოქროს მედლები მოიპოვა.

"საქართველოში პირველი პარაოლიმპიელი ძიუდოისტი ვიყავი, მაგრამ ახლა არიან ბიჭები, რომლებიც ივარჯიშებენ და ბევრ მედალსაც მოვიპოვებთ. ვფიქრობ, ამ ოქროს მედლით მათ სტიმული მივეცი, რადგან არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი",- აცხადებს პარაოლიმპიადის გამარჯვებული.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ, პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა პირველად 2008 წელს, სეულის ოლიმპიადაზე, ერთი სპორტსმენით მიიღო. 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადაზე ქვეყანა 2 პარაოლიმპიელი სპორტსმენით მონაწილეობდა. მიმდინარე წელს, რიოს ოლიმპიადაზე კი, საქართველო 5 სპორტსმენით იყო წარდგენილი.