რუსეთში დუმის არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში დუმის არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში დუმის არჩევნები დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 94 ათასი საარჩევნო უბანია გახსნილი. წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებით რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები 111 მილიონ 600 ათასი მოქალაქე სარგებლობს.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სადეპუტატო მანდატების მოსაპოვებლად 14 პოლიტიკური პარტია იბრძვის. პირველად საარჩევნო უბნები წუხელ რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთში გაიხსნა. არჩევნები მოსკოვის დროით 21:00 საათზე დასრულდება.

„ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, დუმის არჩევნებში მონაწილეობას უკრაინაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებიც იღებენ. კიევში მდებარე რუსეთის საელჩოსთან, ასევე ხარკოვში, ლვოვსა და ოდესაში მდებარე საკონსულოებთან ვითარება მშვიდია. რეპორტიორის თქმით, ხმის მიცემის მსურველებს საელჩოს ტერიტორიაზე პასპორტის წარდგენის შემდეგ უშვებენ. პერიმეტრზე უსაფრთხოებას ადგილობრივი პოლიცია და ეროვნული გვარდია იცავს.

თუმცა, როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჯერ კიდევ 10 სექტემბერს დაავალა საგარეო საქმეთა მინისტრ პაველ კლიმკინს შესაბამისი, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები უკრაინის ტერიტორიაზე ვერ ჩატარდება და შესაბამისი ინფორმაცია რუსული მხარეს მიაწოდოს. რუსეთის ცესკო-ს განმარტებით, პოროშენკოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ უკრაინაში რუსეთის საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლები, ხოლო უკრაინაში მცხოვრებ 80 000-ზე რუსს ამის შესაძლებლობა არ ექნება. ცესკო-ს წევრის, ვასილი ლიხაჩოვის განმარტებით, რუსეთს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ხმის მიცემის პროცედურის ორგანიზების უფლება მხოლოდ ამ ქვეყნის ნებართვის შემთხვევაში აქვს.