კვირიკაშვილთან შეიძლება მუშაობა, ასევე შეიძლება მუშაობა უსუფაშვილთან

კვირიკაშვილთან შეიძლება მუშაობა, ასევე შეიძლება მუშაობა უსუფაშვილთან

კვირიკაშვილთან მაქვს სამუშაო ურთიერთობა, ასევე შეიძლება უსუფაშვილთან მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ახარებს, რომ შეუძლია მთავრობის მეთაურთან დაჯდეს და საკითხები გაიაროს.

„მე კვირიკაშვილს სწორედ იმ კონტექსტში ვაქებ, რომ მასთან მუშაობა შემიძლია. კვირიკაშვილთან მაქვს სამუშაო ურთიერთობა. ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ, საკითხები გავიაროთ, ვეკამათოთ ერთმანეთს, არ დავეთანხმოთ, რაღაც მოვიტოვოთ მერე განსახილველად... ეს არის ორ პოლიტიკოსს შორის მუშაობის კონტექსტი. მე მახარებს, რომ კვირიკაშვილთან მაქვს სამუშაო ურთიერთობა. მე როდესაც ვინმე არ მომწონს, მას საერთოდ არ ვიხსენიებ და ღიად არ გამოვთქვამ ნეგატივს და აგრესიას, მაგრამ პოზიტივის ნაწილში კი - კვირიკაშვილთან შეიძლება მუშაობა პოლიტიკაზე, თემებზე, შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებზე. მე არ შემიფასებია კვირიკაშვილი, როგორც პრემიერი - არ მითქვამს, კარგია თუ ცუდია, მე ვაქებ მას როგორც პოლიტიკოსს, რომელთანაც მუშაობა არის შესაძლებელი და ეს ღირსება ქართულ პოლიტიკაში ძალიან ბევრს არ აქვს, რომ შეგეძლოს მუშაობა. ასევე შეიძლება უსუფაშვილთან მუშაობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, არაფრით არ ამოიწურება კვირიკაშვილითა და უსუფაშვილით იმ პოლიტიკოსთა ჩამონათვალი, რომლებთანაც „მუშაობა შეიძლება“, თუმცა, როგორც განმარტა, ძირითადად მისი „სამუშაო გარემო უფრო უსუფაშვილ-კვირიკაშვილია“.