შსს ”ქართული ოცნების” უბრალო ქვეგანყოფილებად გადაკეთდა და ასეთი ტიპის განცხადებას აკეთებს

შსს ”ქართული ოცნების” უბრალო ქვეგანყოფილებად გადაკეთდა და ასეთი ტიპის განცხადებას აკეთებს

”ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის” გორის რაიონულ ორგანიზაციაში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები არიან კოორდინატორები, კომისიის თავმჯდომარეები, რწმუნებული, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სოფელ ფლავისმანში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება მოხერხდა.

”ჩვენ მოვახერხეთ იმ პირების იდენტიფიცირება, ვინც ამ ინციდენტში მონაწილეობდა. ამ პერიოდში ჩვენი ჯგუფები ისევ მუშაობენ, ამონტაჟებენ იმ ვიდეომასალას, რომელსაც მოგვიანებით შევთავაზებთ საზოგადოებას. ”ქართული ოცნების” მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ ამ ინციდენტში მათი წევრები არ მონაწილეობდნენ, ტყუილია”, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა იმ პირების ფოტოები წარადგინა, რომლებიც მისი თქმით, დღეს სოფელ ფლავისმანში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ.

”ვახტანგ გიუნაშვილი არის გორის საარჩევნო ოლქის 42 საუბნო კომისიის თავმჯდომარე, ის არის ოლქიდან დანიშნული კანდიდატურა. ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ იმის თაობაზე, რომ ამ თანამდებობაზე უნდა იყვნენ შერჩეული აბსოლუტურად ნეიტრალური ადამიანები, ჩვენ ვაცხადებდით, რომ ინიშნებოდნენ პირდაპირ კოორდინატორები „ქართული ოცნების“, რასაც უარყოფდა ცენტრალური საარჩევნო კომისია. ეს ადამიანი პირდაპირი დასტურია იმის თუ რა პროფესიის ადამიანები ხვდებიან კომისიებში, მისი პროფესია არის „ზონდერობა“ და ხელის შეშლა ჩვენი კანდიდატებისთვის. ამიტომ მე პირდაპირ მივმართავ თამარ ჟვანიას, მიიღოს გადამწყვეტი ზომები და გაათავისუფლოს ის დაკავებული თანამდებობიდან“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა და დაასახელა სოფელ ფლავისმანში, „ქართული ოცნების“ კოორდინატორი ამირან აზალაძე და სოფელ ფლავისმანის მკვიდრი კახა მიდელაშვილი, რომლის ძმა საბავშვო ბაღის გამგეა. მისივე თქმით, ინციდენტში მონაწილეობდა ასევე სოფელ ტყვიავის რწმუნებული მალხაზ მეტრეველი.

”მალხაზ მეტრეველი, სოფელ ტყვიავის რწმუნებულია, სწორედ ეს მალხაზ მეტრეველი ხელმძღვანელობდა იმ „ზონდერების“ ჯგუფს, რომელიც სოფელში საარჩევნო კამპანიის ხელისშეშლის მიზნით იყო ჩასული. ჯგუფი რწმუნებულის მანქანით გადაადგილდებოდა. ასევე, სოფელ ფლავისმანის მკვიდრი „ქართული ოცნების“ კოორდინატორი არჩილ ლაფაჩი ისიც დღევანდელი ინციდენტის მონაწილეა. ის, რომ ”ქართული ოცნება” მუდმივად ერთადერთ იარაღად ტყუილს იყენებს, ეს არ არის ახალი ამბავი. ინციდენტში მონაწილე პირები არიან კოორდინატორები, კომისიის თავჯდომარეები, აიპის წევრები, რწმუნებული”, - განაცხადა ნადირაშვილმა.

მისივე განცხადებით, შემაშფოთებელია შსს-ს განცხადება.

”გარდა ამისა, ჩვენ მოვისმინეთ შსს- ს განცხადება, რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, მათ თქვეს, რომ ეს იყო ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება და არა „ოცნების“ წევრების, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილ ფოტოებში ნათლად ჩანს ამ პირების ვინაობა. სამწუხაროა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ”ქართული ოცნების” უბრალო ქვეგანყოფილებად გადაკეთდდა და ასეთი ტიპის განცხადებას აკეთებს, მონაწილეობს დანაშაულის დაფარვაში. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეასრულოს თავისი მოვალეობა და დასაჯოს ეს ადამიანები”, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.