ოჯახის ინფორმაციით, დაკავებულმა მინდია ოჯახიშვილმა შიმშილობა დაიწყო

ოჯახის ინფორმაციით, დაკავებულმა მინდია ოჯახიშვილმა შიმშილობა დაიწყო

ბათუმში დაკავებული სპორტსმენის მინდია ოჯახიშვილის ახლობლებმა ბათუმის პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ოჯახის ინფორმაციით, მინდია ოჯახიშვილმა შიმშილობა დაიწყო, რის გამოც მოშიმშილეთა საკანშია გადაყვანილი. 

ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქციაზე საპროტესტო პლაკატებიც გამოფინეს წარწერებით, „არა! იარაღის ჩადებას“, „თავისუფლება უკანონოდ დაპატიმრებულს“, „არა ძალადობას“ და სხვა. დაკავებულის დედის თინა დოლიძის განცხადებით, მის შვილს იარაღი პოლიციამ ჩაუდო. 

„გამიუბედურეს შვილი, გააჩერეს ქუჩაში და იარაღი ჩაუდეს. ორი დღის განმავლობაში ვიცოდი, რომ ჩემი შვილი იყო იარაღის გამო დაპატიმრებული, მესამე დღეს კი გავიგე, რომ თურმე წამალიც ჰქონდა და პოლიციის მიმართ ძალადობა გამოიჩინა. ეს ყველაფერი არის აბსურდი, ჩემს შვილს არაფერი მსგავსი არ გაუკეთებია. ვითხოვ სამართალს სადმე თუ არსებობს, დამეხმარეთ ყველა. ჩემი შვილი რამდენიმე დღეა შიმშილობს, მეც დავიწყებ შიმშილობას მანამდე, სანამ სამართალი არ იქნება“, - აღნიშნა თინა დოლიძემ. 

დაკავებულის ადვოკატის თეონა ნიკოლაიშვილის თქმით, მინდია ოჯახიშვილი შიმშილობს და პროტესტის უკიდურესი ფორმით ცდილობს სიმართლის დამტკიცებას. ადვოკატი პროკურატურას მიმართავს, საქმეს ყურადღება მიაქციოს და ობიექტურობა გამოიჩინოს. 

„მინდია ოჯახიშვილი იმყოფება უკანონო პატიმრობაში, ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა შედეგი აქაც არ დადგა. დღეის მდგომარეობით, მინდია ოჯახიშვილი შიმშილობს, მოშიმშილეთა საკანში იმყოფება და პროტესტის უკიდურესი ფორმით ცდილობს დაამტკიცოს თავისი სიმართლე. მოვუწოდებთ პროკურატურას, ყურადღება მიაქციოს საქმეს და ობიექტურად განიხილოს რადგან აქ არის მხოლოდ ერთი სიმართლე. მინდია ოჯახიშვილს არ ჰქონდა არც იარაღი, არც ნარკოტიკი, არც პოლიციისთვის გაუწევია წინააღმდეგობა და დღეის მდგომარეობით, ის უკანონო პატიმრობის მსხვერპლია“, - აღნიშნა თეონა ნიკოლაიშვილმა. 
აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, „დაივიწყონ იარაღის ჩადების პრაქტიკა“. 

სპორტსმენი მინდია ოჯახიშვილი სამართალდამცველებმა 6 აგვისტოს დააკავეს.