ალექსანდრე ჯეჯელავა - გიორგი შარვაშიძე საუკეთესო მენეჯერია, ძალიან გამიხარდებოდა ასეთი რექტორი რომ ჰყოლოდა ჩვენს უნივერსიტეტს

ალექსანდრე ჯეჯელავა - გიორგი შარვაშიძე საუკეთესო მენეჯერია, ძალიან გამიხარდებოდა ასეთი რექტორი რომ ჰყოლოდა ჩვენს უნივერსიტეტს

გიორგი შარვაშიძე არის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი განათლების სფეროში, აირჩევენ თუ არა მას თსუ-ს რექტორად, არ ვიცი, მაგრამ ძალიან გამიხარდებოდა ასეთი რექტორი რომ ჰყოლოდა ჩვენს უნივერსიტეტს. 

ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მისი ყოფილი მოადგილის გიორგი შარვაშიძის თსუ-ს რექტორის არჩევნებში მონაწილეობის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ყველა არჩევნები არის სერიოზული განხილვის საგანი.

„თქვენ ბევრ არჩევნებს შესწრებიხართ და ნებისმიერ არჩევნებზე მინიმუმ მითქმა-მოთქმა გარდაუვალია. ჩვენ ისეთი ხალხი ვართ, სადაც ყველა არჩევნები სერიოზული განხილვის საგანია. არჩევნების ფორმით ეს იმიტომ კეთდება, რომ ვისაც ვინ მოსწონს ხმა იმას მისცეს და ვინც არ მოსწონს, არ მისცეს ხმა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი შარვაშიძე არის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი ჩვენს განათლების სფეროში, აირჩევენ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ძალიან გამიხარდებოდა ასეთი რექტორი რომ ჰყოლოდა ჩვენს უნივერსიტეტს“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

რაც შეეხება სტუდენტთა ნაწილის პროტესტს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან რექტორის პოსტზე ვინმეს დანიშვნა გამოიწვევს უნივერსიტეტის საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევას, ჯეჯელავას თქმით, რაც უფრო ძლიერი რექტორი ეყოლება უნივერსიტეტს, მით უფრო რთული იქნება, ვინმე ჩაერიოს მის საქმიანობაში.

„სწორედ ბატონი შარვაშიძე არის ძალიან მაღალი რანგის მენეჯერი. ჩვენ რომ ვისაუბროთ შედარებით ნაკლები გამოცდილების ადამიანზე რექტორის რანგში, გაცილებით მეტი რისკები იქნებოდა სხვა შემთხვევაში. მე გამოვრიცხავ უნივერსიტეტის დამოუკიდებლობის, თუნდაც ოდნავ შემცირებას შარვაშიძის ხელმძღვანელობით. მე ვაფასებ ასე, საქართველო პატარა ქვეყანაა და ვინმე სადმე თუ მიდის, საიდანღაც მიდის, ანუ ბანკიდან რომ მოვიდეს მენეჯერი, მე პირადად ბანკიდან მოვედი, რატომ არ ლაპარაკობენ, რომ საბანკო სისატემამ დაამყარა განათლებაზე კონტროლი. მოკლედ, ასეთი რაღაცა სერიოზული არ არის“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.