გიორგი კვირიკაშვილი - გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება დაბრკოლება, რომ ყველა მომსახურება, მათ შორის სოფლებში, იყოს ხელმისაწვდომი

გიორგი კვირიკაშვილი - გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება დაბრკოლება, რომ ყველა მომსახურება, მათ შორის სოფლებში, იყოს ხელმისაწვდომი

გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება დაბრკოლება იმისა, რომ მოქალაქემ მიიღოს აუცილებელი სერვისები, აღარ იქნება დაბრკოლება იმისა, რომ კერძო ბიზნესმენმა საქმე აწარმოოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ყველა წერტილში თანაბრად იქნება საჭირო ინფრასტრუქტურა, იმისათვის, რომ ყველა მომსახურება, მათ შორის სოფლებში, იყოს ხელმისაწვდომი. 

პარტია «ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს» თავმჯდომარემ ლანჩხუთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო წილოსანი წარუდგინა და მათ მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის-ქვეყნის სივრცითი მოწყობის შესახებ ესაუბრა.

“გუშინ, ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი რეფორმების განვითარების გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება - ეს არის ქვეყნის სივრცითი მოწყობის ანუ ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმა. უნდა ვთქვა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონია ასეთი ამბიციური, ასეთი მნიშვნელოვანი განვითარების გეგმა, რომელიც დროის მოკლე პერიოდში, ანუ შემდეგი 4 წლის განმავლობაში გულსხმობს საქართველოს გადაქცევას თვისობრივად ახალ ქვეყნად. გეოგრაფიული მდებარეობა, აღარ იქნება დაბრკოლება იმისა, რომ ყველა მომსახურება, მათ შორის სოფლებში, იყოს ისევე ხელმისაწვდომი, როგორც ეს არის დღეს ქალაქებში. სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ ცხოვრების დონე არის განსხვავებული ქალაქებში და სოფლად. სოფლად არის დიდი გაჭირვება და სწორედ ამ გეგმის მეშვეობით ჩვენ ვფიქრობთ, რომ 4 წლის განმავლობაში მოვახდენთ ნამდვილი ეკონომიკურ გარღვევას და მნიშვნელოვნად შეიცვლება სოფლად ცხოვრების დონე. სწორედ ეს არის ჩვენი მომავლის გეგმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება”,- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ და საერთო მიზნებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა. 

“ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი, საერთო მიზნების გარშემო, მთელი საზოგადოება, მათ შორის ისინი რომლებიც დღეს სხვაგვარად ფიქრობენ, დარწმუნებული ვარ, ჩვენთან ერთად დადგებიან და მთელი საქართველო ერთად, დღეიდან 4 წლის თავზე დავდებთ სერიოზულ შედეგს. ეს შედეგი იქნება -ახალი საქართველო საუკეთესო ტრადიციებით, ეროვნული ფასეულობებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, თანამედროვე განათლების სისტემით და მთავრობით,რომელიც იქნება თითოეული ადამიანის საჭიროებაზე ორიენტირებული“,- განაცხადა პრემიერმა. 

სიტყვით გამოსვლის დასასრულს, საქართველოს მთავრობის მეთაურმა მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონს, ლანჩხუთელ გიორგი შოთაძეს წარმატებული ასპარეზობა მიულოცა. 

”მინდა მივესალმო ჩვენს ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონს გიორგი შოთაძეს, რომელმაც საქართველოს სახელი გაიტანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით”,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გურიის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნინო წილოსანმა. მან „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს არის გუნდი, რომელიც საზოგადოებას სიმართლეს ეუბნება.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს, მე ვარ ამაყი, რომ წარმოვადგენ „ქართულ ოცნებას“ და ვარ ორმაგად უფრო ამაყი, რომ უნდა წარმოვადგინო ჩემი გურია. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც არ ვიტყუებთ თავს და საზოგადოებას ვეუბნებით სიმართლეს. სწორედ ამიტომ, ვამბობ, რომ ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, თუმცა, ბევრი რამ დარჩა კიდევ გასაკეთებელი. ამიტომ, შემდეგი წლები უნდა იყოს უფრო მეტი წინსვლის. ჩვენ უნდა ავაშენოთ უფრო მეტი გზები და ხიდები, ყველა სოფელში უნდა იყოს გაზიფიცირება. აუცილებლად გადავწყვეტთ წყალმომარაგების პრობლემას და, რა თქმა უნდა, განვახორციელებთ პროექტს -„შუქი ყველა სოფელში“. მე მინდა რომ ჩემს რაიონში არ იყვნენ უსახლკაროდ დარჩენილი ხალხი“,-განაცხადა ნინო წილოსანმა.

როგორც ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სახით ძლიერი ლიდერი ჰყავს.

„8 ოქტომბრის გამარჯვება აუცილებლად ჩვენია, იმიტომ, რომ ჩვენს გუნდს ჰყავს ძალიან ძლიერი ლიდერი პრემიერ- მინისტრ, კვირიკაშვილის სახით. ასევე, ძლიერი, განახლებული გუნდი, სადაც გამოცდილ პოლიტიკოსებთან ერთად შემოდიან ახალი ლიდერები, ახალი თაობის პოლიტიკოსები, რომელთაც აქვთ ჯანსაღი ამბიცია და მოტივაცია საქმის კეთების. რაც მთავარია, მე უსურვებ ნინო წილოსანს ძალიან დიდ წარმატებას. ეს არის კიდევ ერთი ქალი ლიდერი პოლიტიკაში, პარლამენტში და ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც 2014 წლიდან ბრძოლა გამოვუცხადეთ ქალთა მიმართ დისკრიმინაციას, ქალთა მიმართ ძალადობას, ოჯახში ძალადობას. ნინო იქნება ერთ-ერთი უპირველესი ლიდერი, რომელიც დაიცავს ქალების უფლებებს და რომელიც გააძლიერებს ჩვენს პარლამენტს“,- დასძინა არჩილ თალაკვაძემ.