კახეთი, როგორც დინამიკურად განვითარებადი კუთხე, იქნება ერთ-ერთი ავანგარდი ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში, - ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გუშინ კახეთის გუბერნატორის პოსტზე წარადგინა.
მან მთავრობის მეთაურს ნდობის გამოცხადებისთის მადლობა გადაუხადა. „ჩემთვის ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაო. კახეთი, გარკვეულწილად, ჩემი სამშობლოა. სხვადასხვა პერიოდში მე პოლიტიკური კუთხით მქონია შეხება კახეთთან, მათ შორის როგორც საარჩევნო კუთხით, ისე სხვადასხვა პროგრამების განხორციელების მხრივ. ასე რომ, ვფიქრობ, კახეთი, როგორც ერთ-ერთი ძლიერი, დინამიკურად განვითარებადი კუთხე საქართველოსი, იქნება ერთ-ერთი ავანგარდი ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში. პირველი რიგის ცხელი ამოცანები, რაც ახლა დგას კახეთის წინაშე, არის რთველის წარმატებით ჩატარება, რომ მევენახეებმა სრულად მიიღონ ყველა ის სიკეთე, რასაც რთველისგან ელოდებიან და არჩევნების ჩატარება ღიად, თავისუფლად, კონკურენტულ გარემოში“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ირაკლი ქადაგიშვილმა კახეთის გუბერნატორის პოსტზე ირაკლი შიოლაშვილი შეცვალა, რომელიც, თავის მხრივ, სოღნაღისა და დედოფლისწყაროს გაერთაინებულ ოლქში მაჟორიტატი დეპუტატობის კანდიდატად იყრის კენჭს.