ძალიან მიხარია, რომ ისეთი სისტემა გვაქვს, თავად უნივერსიტეტი აირჩევს თავის რექტორს, ვფიქრობ, ისინი შეძლებენ ღირსეული რექტორი აირჩიონ, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს კომაროვის სახელობის სკოლაში ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრმა კომენტარი გააკეთა თსუ-ს რექტორობი კანდიდატების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
კითხვაზე, რას იტყოდა განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის გია შარვაშიძის რექტორობის კანდიდატად რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რასაც სტუდენტები აპროტესტებენ, განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ ძლიერი ხელმძღვანელი, რაშიც იგულისხმება კომპეტენტურობა, გამოცდილება და პიროვნების აღიარება, არის გადამწყვეტი ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, სკოლისთვის და უნივერსიტეტისთვის.
„ძალიან მიხარია, რომ ასეთი სისტემა გვაქვს, თავად უნივერსიტეტი ირჩევს თავის რექტორს და ვფიქრობ, რომ ისინი შეძლებენ ღირსეული რექტორი აირჩიონ. დეტალებში მართალი გითხრათ ჩახედული არ ვარ, კანდიდატებს არ გავცნობივარ, ამ პროცესში არ ვართ ჩართული“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, იგი ძალიან დიდ პატივს სცემს განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილეს გია შარვაშიძეს და ფიქრობს, რომ სწორედ ასეთი პიროვნებები უნდა იყვნენ ნებისმიერი საგანმანათლებლო ორგანიზაციის სათავეში. ჯეჯელავას თქმით, თუ ვინმეს პროტესტის გამოთქმის სურვილი აქვს შეუძლია გააპროტესტოს.
„ბანკში ემუშავა, იტყოდნენ ბანკირია და რად გვინდაო, სკოლაში რომ ემუშავა, სკოლის რად გვინდაო. გია შარვაშიძე სერიოზული მენეჯერია, ძალიან კარგი გამოცდილებით“, - განაცხადა ჯეჯელავამ.
გუშინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა, სადაც სამი პირი დარეგისტრირდა, მათ შორის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძე.