“ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, გიორგი კახიანის აზრით, “ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში შედეგის მიღწევის ერთადერთ შანსს პროვოკაციებსა და არეულობაში ხედავს.
როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, სტაბილურ, თავისუფალ გარემოში “ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად გაბანკროტებულია.
“ჩემთვის ძალიან მნიშველოვანია შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რადგან მას უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე მე - როგორც პარლამენტის წევრს შეიძლება მქონდეს. ზოგადად, ისეთი პოლიტიკური ჯგუფიდან, როგორიც “ნაციონალური მოძრაობაა“ არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის არც იმას, ჰქონდეს მცდელობა, რომ გარკვეული პროვოკაციები მოაწყონ და საარჩევნო პროცესში გარკვეული არეულობა შეიტანონ, რადგან შედეგის მიღწევის ერთადერთ შანსს ისინი ამაში ხედავენ. სხვა მხრივ, სტაბილურ, თავისუფალ გარემოში “ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად გაბანკროტებულია“, - განუცხადა ჟურნალისტებს კახიანმა.
შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, არის ინფორმაციები, რომ რიგი პარტიები არჩევნების პერიოდში და არჩევნების შემდგომაც გარკვეულ პროვოკაციებს აპირებენ.
მინისტრმა დამატებითი დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ უწყება ამ მიმართულებით მობილიზებულია.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია ყველა ძალა და რესურსი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.