თუკი რაიმე საყვედური და შენიშვნები ითქმის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიმართ, მთლიანად ვიზიარებ პასუხისმგებლობას როგორც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა.
როგორც კობახიძემ განმარტა, საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში წარდგენილი იყო საკონსტიტუციო პროექტები, თუმცა კვორუმის პრობლემის გამო მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელი იყო.
„სამწუხაროდ, იყო ბევრი მიზეზი საიმისოდ, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა ასე შეფასდა. სამწუხარო ის არის, რომ თუნდაც იმ ჯგუფში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, კვორუმი ერთხელ თუ ორჯერ შედგა. რეალურად, კომისიის მუშაობისადმი ნაკლები ინტერესი გამოხატული იყო არა მხოლოდ მასში ჩართული წევრების მხრიდან, არამედ თავად პოლიტიკოსებისა და პარტიების მხრიდანაც. იყვნენ კომისიის წევრები, რომლებიც სხდომებს საერთოდ არ დასწრებიან. კომისიაში წერილობით არაერთი საკონსტიტუციო ინიციატივა იყო წარდგენილი, მაგრამ კომისია არ იყო ქმედითი, იყო ნაკლები ინტერესი, არ იყო შესაბამისი თანამონაწილეობა, რაც აუცილებელი იყო გადაწყვეტილებების მისაღებად“, - განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი ამბობს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება ყოველთვის რთული იქნება. ის ამ კონტექსტში ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად სამ-მეოთხედიანი კვორუმი სჭირდება.
გუშინ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. „არც მიფიქრია, რომ დავით უსუფაშვილის გარდა სხვა ვინმე იქნებოდა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, მაგრამ თითი თითზე არ დაუდია“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
”გარდა იმისა, რომ დავით უსუფაშვილი პარლამენტის სპიკერია, ის არის საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. როცა მკითხა, რომ საკონსტიტუციო კომისია ყალიბდება და ჩემს თავმჯდომარეობაზე რას იტყვიო, - არც მიფიქრია, რომ სხვა კაცი იქნებოდა თავმჯდომარე, ასე რომ ის ოთხი წელია საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეა. იქვე შედის ხმალაძეც, რომელსაც მე ვიცნობ, როგორც კარგ იურისტს. თითი თითზე არ დაუდვიათ იმ კომისიაში. ბევრი რამ იყო შესაცვლელი, მათ შორის პრეზიდენტის შესახებ. კოალიციაში შეთანხმებული ვიყავით და „რესპუბლიკელებთანაც“ რამდენჯერმე გვქონდა საუბარი, რომ საერთო, საჯაროდ არჩევა არ უნდა მოხდეს პრეზიდენტის, რომელსაც ასეთი შეკვეცილი უფლებები აქვს”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ასეთი შეკვეცილი უფლებებით პრეზიდენტის არჩევა დაბნეულობას იწვევს და თავად გიორგი მარგველაშვილიც დაბნეულია.