ბიძინა ივანიშვილი:  ვფიქრობ, რომ ყველა ძირითადი დაპირება შესრულებულია

ბიძინა ივანიშვილი: ვფიქრობ, რომ ყველა ძირითადი დაპირება შესრულებულია

ბიძინა ივანიშვილი იმედგაცრუებული ამომრჩევლების განწყობას გადაჭარბებული მოლოდინით ხსნის.

“ხალხს ჰქონდა ისეთი განცდა და ისეთი მოლოდინი, რომ ერთ წელიწადში ჩვენ პრინციპულად გარდავქმნიდით ყველაფერს, ან 4 წელიწადში ყველა გამდიდრდებოდა, სამუშაოს იშოვნიდა და ყველას კარგი ხელფასი ექნებოდა“,-განაცხადა ივანიშვილმა, რომელმაც ნიჰილისტური განწყობა გადაჭარბებულ მოლოდინს დაუკავშირა. გადაცემის “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ შემდეგ ჟურნალისტებთან ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ესაა ყველაზე დიდი მიზეზი, რის გამოც ხალხის ნაწილი მესამე ძალას ეძებს.

“ვფიქრობ, რომ გადაჭარბებული, არასწორი მოლოდინი იყო. შემახსენეთ ჩემი დაპირება, რომელი არ შევასრულეთ. 60 საწარმოს მაძახებდნენ სულ და 150 ავაშენეთ. ერთადერთი ძალიან აბსტრაქტულია სამართლიანობის აღდგენა- აღდგა თუ არ აღდგა. დასჯის მხრივ და ქონების მხრივ გრძელდება კიდევ, მაგრამ იდეალური ვერცერთი მთავრობა ვერ იქნება. ყველაფერი იდეალურად ვერ გაკეთდა. ვინც ადრე მხარს უჭერდა მთავრობას და დღეს იმედგაცრუებულები არიან, გადაჭარბებული მოლოდინი ჰქონდათ.

მე ვფიქრობ, რომ ძირითადად ყველა დაპირებაა შესრულებული, მაგრამ ხალხს აქვს განცდა, რომ ვერ შეასრულეს. გადაჭარბებული მოლოდინია ამის პირველი ობიექტური მიზეზი“,-განაცხადა ივანიშვილმა.