აუცილებელია ივანიშვილმა შეწყვიტოს დამცინავი საუბარი უსაფრთხოებაზე, როცა დღისით მზისით საზარელი მკვლელობები ხდება

აუცილებელია ივანიშვილმა შეწყვიტოს დამცინავი საუბარი უსაფრთხოებაზე, როცა დღისით მზისით საზარელი მკვლელობები ხდება

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ ნიკა მელიას განცხადებით, როდესაც ივანიშვილი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აფასებს, აუცილებლად უნდა გაიხსენოს შუაგულ თბილისში მომხდარი მკვლელობები.

მელია მიიჩნევს, რომ ივანიშვილის განცხადებები რამდენიმე დღის წინ ჩაცხრილულების ოჯახების წევრებისთვის შეურაცხმყოფელია.

„ის, რომ ივანიშილი მისი მმართველობის პერიოდს ყველაზე უსაფრთხოს უწოდებს, რა თქმა უნდა, არ მიკვირს, რადგან ის ცხოვრებას და მიმდინარე პროცესებს მრავალრიცხოვანი დაცვის წევრებით უზრუნველყოფილი სოლოლაკის ხეივნიდან უყურებს. მის ადგილას, უსაფრთხოებაზე საუბრისგან თავს შევიკავებდი, განსაკუთრებით მაშინ, როცა შუაგულ თბილისში რამდენიმე დღის წინ უმოწყალოდ ჩაცხრილეს ორი ახალგაზრდა. ვფიქრობ, ეს განცხადებები შეურაცხმყოფელია ჭირისუფლებისთვის. ასევე არ მიკვირს, რომ თავად ივანიშვილი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელად საკუთარი პირადი დაცვის ყოფილი უფროსი ჰყავს დანიშნული და ის არა ქვეყნისა და ქვეყანაში საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, არამედ ივანიშვილის უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას სტურუას მკვლელობასთან დაკავშირებით, ეს მის კადნიერებას აჩვენებს, თუ როგორ უყურებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

რომ შევაჯამო, აუცილებელია ივანიშვილმა შეწყვიტოს დამცინავი საუბარი უსაფრთხოებაზე, მაშინ, როდესაც პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში, დღისით, მზისით საზარელი მკვლელობა ხდება”, - განაცხადა მელიამ.