გიორგი პაპუაშვილი:   სამ კვირაში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება

გიორგი პაპუაშვილი: სამ კვირაში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება

იმედი მაქვს ეს სიტუაცია დარეგულირდება, - ასე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას - თუ რატომ ვერ ახერხებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები შეკრებას, სხდომების ჩატარებასა და გადაწყვეტილებების გამოტანას. მისივე თქმით, მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სამი კვირაა და „სამ კვირაში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება“.

გიორგი პაპუაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 30 სექტემბერს ეწურება.

გიორგი პაპუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მომავალ შემადგენლობას ექნება საფუძველი, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

„სასამართლო ამჟამად ფუნქციონირებს. მისი მთავარი ამოცანაა, კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელება, მხარეების ინტერესების გათვალისწინება და მე, როგორც თავმჯდომარე, ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ დარჩენილ დროში იმისთვის, რომ ამ ფუნქციონირებას შეფერხება არ ჰქონდეს. იმედი მაქვს, კოლეგებთან ერთად შევძლებთ, რომ ეს საქმე წარმატებით გავაგრელოთ და მომავალ შემადგენლობასაც დავუტოვოთ ის საფუძველი, რომ ასეთი რამე აღარ განმეორდეს“, - აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.

გუშინ გამართულ ღონისძიებას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისთავს მიეძღვნა, საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე არ ესწრებოდა. გიორგი პაპუაშვილის განმარტებით, „ყველა მოსამართლე მოწვეული იყო და შეიძლება პირადი მიზეზების გამო ვერ მოვიდნენ“.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ბოლო პერიოდში საორგანიზაციო შეკრებასა და სხდომების ჩატარებას ვერ ახერხებს. ხშირ შემთხვევაში მიზეზი, მოსამართლეების გამოუცხადებლობააა.