მე ნამდვილად არ ვიცი, ვინ იქნება ჩემი შემცვლელი, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, მისი ექსკლუზიური უფლებაა დანიშნოს მდივანი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა, რომელიც დღეს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა. ირინა იმერლიშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს საკონსტიტუციო სასამართლოში ფიცის დადების ცერემონიამდე დატოვებს.
"30 სექტემბერს ვადა ეწურება საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს, მათ შორის პრეზიდენტის კვოტით დანიშნულ ორ მოსამართლეს. შემდეგ გაიმართება ფიცის დადების ცერემონია და მე შევუდგები მოსამართლის უფლებამოსილებას. მანამდე ჩვეულებრივად ვასრულებ უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობას", - აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა ორი მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლის იუბილესადი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვის დროს დანიშნა. ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე 10 წლის წინ პრეზიდენტის კვოტით დანიშნულ გიორგი პაპუაშვილსა და კონსტანტინე ვარძელაშვილს ჩაანაცვლებენ.