დამტკიცდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე არავითარი ზეწოლა არ ხორციელდება

დამტკიცდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე არავითარი ზეწოლა არ ხორციელდება

დამტკიცდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე არავითარი ზეწოლა არ ხორციელდება, - ამის შესახებ პარტია ”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჰერდის თორგეირსდოტირის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

”შიდა ზეწოლას რაც შეეხება, ჩვენ ყველანი ამის მომსწრეები გავხდით - პაპუაშვილის განცხადებები, რომელიც იქნა გაჟღერებული, დამტკიცდა, რომ მოსამართლეებზე არავითარი ზეწოლა არ ხორციელდება, თავად მოსამართლეები საუბრობდნენ ამ ყველაფერზე და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციისთვის იქნა გამოყენებული”, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლას, კალაძის თქმით, ეს არ დამტკიცდა.

”ამას ამბობდა მხოლოდ პაპუაშვილი და მოსამართლეების მხრიდან არანაირი განცხადებები და მინიშნებები ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა”,- განაცხადა კალაძემ.

„ფაქტია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო განიცდის ზეწოლას როგორც სასამართლოს შიგნიდან, ასევე გარე ძალებისგან“, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჰერდის თორგეირსდოტირიმ განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მოსამართლეები იყვნენ დამოუკიდებლები და არ ექვემდებარებოდნენ პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლას.

"ვენეციის კომისიის ერთსულოვანი პოზიციაა, რომ მოსამართლეები ზოგადად უნდა იყვნენ დამოუკიდებლები თავიანთ საქმიანობაში, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო არის უმაღლესი სასამართლო ინსტიტუტი ქვეყანაში და არის გარანტორი ადამიანის უფლებების და კონსტიტუციის დაცვის ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის. ამიტომ, ვთვლით, რომ კრიტიკულად მნიშნელოვნელოვანია მოსამართლეები იყვნენ დამოუკიდებლები და არ ექვემდებარებოდნენ პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლას. მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა განხორციელონ მართლმსაჯულება ზეწოლის გარეშე“, - აღნიშნა ჰერდის თორგეირსდოტირიმ.