ბათუმი სავსეა ”ქართული ოცნების” ბანერებით და ”ქართული ოცნება” ვერ იმეტებს, რომ ოპონენტს თუნდაც ერთი ადგილი დაუთმოს, - ამის შესახებ ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა არმაზ ახვლედიანმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
როგორც არმაზ ახვლედიანმა აღნიშნა, მას ბათუმში საარჩევნო პლაკატის განთავსების შესაძლებლობა რამდენჯერმე არ მიეცა.
”ოთხი დღის წინ ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც ბანერების განთავსებით არის დაკავებული ბათუმში, ერთ-ერთ უბანში ბანერის გაკვრაზე შევთანხმდით. ამის შემდეგ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური ამ კომპანიას დაუკავშირდა და მოსთხოვა ბანერის სასწრაფოდ მოხსნა, რაც სამწუხაროდ, მოხდა კიდევაც.
მეორე ფაქტი ასეთია: ჩვენ შევუთანხმდით ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე 1-ელ ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობას, რომ საცხოვრებელი კორპუსის კედელზე განთავსებულიყო ჩემი საარჩევნო პლაკატი. გავაფორმეთ ხელშეკრულება, გადავიხადეთ თანხა და ბოლო მომენტში მოულოდნელად ამხანაგობის თავმჯდომარე როინ საგინაძემ გვითხრა, რომ მას მოსთხოვეს ამ ხელშეკრულების ჩაშლა და არ გვაძლევენ პლაკატის განთავსების უფლებას”, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და მოუწოდებს, დაინტერსდეს ”შანტაჟის ფაქტებით”.
”მოვუწოდებ ”ქართული ოცნების” ხელმძღვანელებს, პირველ რიგში, პრემიერ კვირიკაშვილს დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ამ და სხვა შანტაჟის, აღვირახსნილი ძალადობის, გადაბირების ფაქტებით, რომელიც არის კონკრეტულად ჩემი საარჩევნო კამპანიის ირგვლივ და იყოს ამაზე დროული რეაგირება”, - აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.