კახა კალაძე:  თუ მათ გააჩნიათ რაიმე მტკიცებულება შესაბამის სამსახურებს მიმართონ

კახა კალაძე: თუ მათ გააჩნიათ რაიმე მტკიცებულება შესაბამის სამსახურებს მიმართონ

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს.

კალაძის თქმით, თუ მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების ავტორებს, შესაბამისი მტკიცებულებები გააჩნიათ, საგამოძიებო ორგანოებს უნდა მიმართონ. 

"რაც შეეხება ქალბატონების განცხადებებს, მე მათ ვუთანაგრძნობ. თუ მათ გააჩნიათ რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ჩემი ან ჩემი მეგობრების მხრიდან სატელეფონო ზარები ხორციელდებოდა, მიმართონ შესაბამის სამსახურებს. დაიწყოს გამოძიება, მაგრამ ეს ყველაფერი არის სიცრუეზე დაფუძნებული და ემსახურება ერთ რამეს, ეს არის წინასაარჩევნო პერიოდი და "ნაციონალური მოძრაობის" ზრახვები",-განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ბრალდებები, მისი და "ქართული ოცნების" წინააღმდეგ მიმართული პიარკამპანიაა. 

"ვინც მიცნობს ის ადამიანები ამ ყველაფერს ვერ დაიჯერებენ. ეს არის ჩემი ოპონენტებისთვის გაკეთებული განცხადებები, რომ მათ დაიჯერონ. ჩემთვის მთავარია საზოგადოების აზრი. ყველაზე დიდი, რაც გამაჩნია არის ის სიყვარული, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ვგრძნობ. არასდროს ვიკადრებ იმას, რომ გადავდგა ისეთი ნაბიჯი, რომ ეს ყველაფერი დავანგრიო",-განაცხადა კალაძემ.

რამდენიმე დღის წინ, იარაღის შენახვის ბრალდებით, სამართალდამცველებმა გიორგი ფეიქრიშვილი და ნოდარ ნიშნიანიძე დააკავეს.

დაკავებულების ოჯახის წევრების განცხადებით, მათი დაკავებით კახი კალაძე იყო დაინტერესებული.