ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკის ფორმით იღებს მონაწილეობას. მასთან გაერთიანებულია პარტია, სახელწოდებით - ”ევროპული საქართველო”.
როგორც ამ გაერთიანებასთან დაკავშირებით ”ინტერპრესნიუსს” ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, ბლოკის შექმნის მიზანი მეტი საპარლამენტო რესურსის გამოყენებაა.
”ეს არის ჩვენი ძველი მეგობრების პარტია. ეს დაახლოებით ისეთივე პარტიაა, როგორიც შოთა მალაშხიას “ქრისტიან-კონსერვატიული პარტია” იყო. გადავწყვიტეთ მათთან გაგვეკეთებინა ბლოკი ჯერ ერთი იმისთვის, რომ ეს პარტია გამოცოცხლებულიყო და წინ წამოწეულიყო და მეორეც იმისთვის, რომ მეტი რესურსი გვქონდეს პარლამენტში ფრაქციის შექმნის თვალსაზრისით, იმისთვის, რომ პარლამენტში მეტი გამოსვლის საშუალება გვქონდეს, მეტი საშუალება გვქონდეს სხვადასხვა საპარლამენტო აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად. მათ შორის ეს ეხება მეტი ფინანსური რესურსის მიღებასაც”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” მიხეილ მაჭავარიანმა.
მისივე ინფორმაციით, ბლოკის შექმნის საკითხზე ვერ შედგა შეთანხმება შოთა მალაშხიასთან და მან ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ურთიერთობა შეწყვიტა.
”ჩვენ მას შევთავაზეთ, რომ ურთიერთობა ისევ ადგილობრივ არჩევნებზე გაგვეგრძელებინა. მოგეხსენებათ, ამ არჩევნებისთვის შოთა მალაშხიას აქვს დაფინანსება, რომლის ლომის წილი ჩვენს მიერ არის მოპოვებული, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან. სამწუხაროდ, მან ამ წინადადებაზე უარი გვითხრა. მას უნდოდა ახლა ყოფილიყო ჩვენთან ბლოკში. ჩვენ პოლიტსაბჭოზე სხვა გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩემდა სამწუხაროდ, შოთა მალაშხიამ ჩვენთან ურთიერთობა შეწყვიტა. შოთამ გადაწყვიტა, რომ დაფინანსების რესურსი, რაც ჩვენ მაშინ ბლოკში ერთობლივად მოვიპოვეთ, არ გაენაწილებინა. ასევე არც სარეკლამო დრო, იგივე კომისიებში წარმომადგენლობები - ამაზეც შოთამ უარი თქვა, დახმარებოდა რომელიმე პარტიას, ისევე როგორც მას შეეძლო თავისი კამპანია ეწარმოებინა, მაგრამ ამ არჩევნებში საერთოდ აღარ მონაწილეობს”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” მიხეილ მაჭავარიანმა.