პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე მთავრობაში მინისტრის რაგნში არ დაბრუნდება.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან კირვალიძეს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიციის დაკავება შესთავაზა და არ არის გამორიცხული, მან ამ მიმართულებით მთავრობასთან ითანამშრომლოს.
”დავით კირვალიძე არის ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალი. მე რა თქმა, მქონდა მასთან საუბარი მინისტრთა კაბინეტში მისი შესაძლო დაბრუნების თაობაზე. ბატონ დავითს დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პოზიცია უკავია. მას აქვს კონკრეტული მიმართულებები ჩაბარებული და ამ მიმართულებებიდან მისი გამოსვლა დღეს რთულია. რაც შეეხება ჩვენს მომავალ თანამშრომლობას, მას შევთავაზე დაეკავებინა სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიცია და არ არის გამორიცხული, რომ მან ამ მიმართულებით მთავრობას გარკვეული თანამშრომლობა გაუწიოს. დავითი არის კარგი ადამიანი და გვექნება მასთან პარტნიორობა ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ დღეს, მისი მთავრობაში შემოსვლა, მისი დღევანდელი ამოცანებიდან გამომდინარე, არ არის შესაძლებელი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.