პრემიერმა ახალი მინისტრები ორი კვირის ვადაში უნდა დანიშნოს

პრემიერმა ახალი მინისტრები ორი კვირის ვადაში უნდა დანიშნოს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ენერგეტიკის მინისტრის და სოფლის მეურმების მინისტრის პოსტებზე კახა კალაძისა და ოთარ დანელიას შემცვლელები ორი კვირის ვადაში უნდა დანიშნოს.

საქართველოს კონსტიტუციისა და ”მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის გათვალისწინებით, მინისტრის გადადგომის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრს ორი კვირის ვადაში ნიშნავს. ამ მხრივ, წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით კანონმდებლობა რაიმე გამონაკლისს არ უშვებს. 

ამასთან, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობის უფლებამოსილება მოხსნილად ითვლება - ახალი პარლამენტი ახალი მთავრობის ფორმირებას განახორციელებს. 

როგორც ცნობილია, არჩევნებში მონაწილეობის გამო ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ მე-2 ნომერია, და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, რომელიც მარტვილისა და აბაშის გაერთიანებულ ოლქში მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, დღეიდან თანამდებობები დატოვეს.