ახალი სახეები იმაზე მეტყველებს, რომ ძველი მოწვევის პარლამენტით საშინლად უკმაყოფილოა ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ, ”ქართული ოცნების” პროპორციული სიის შეფასებისას განაცხადა. როგორც ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში ცინცაძემ აღნიშნა, მმართველი პარტიის ახალი სია საინტერესო არაა, რადგან მასში აბსოლუტურად უცნობი სახეები მოხვდა.
”თავიდანვე იგრძნობოდა, რომ საშინელი საკადრო შიმშილია და აბსულუტურად უცნობი სახეებია. ახალი სახეები უნდა იყოს პოლიტიკისთვის და არა მოსახლეობისთვის. მოსახლეობისთვის ახალი სახეები, ეს უკვე პოლიტიკა აღარაა. ავიღოთ, მაგალითად, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი ჩუგოშვილი, რომელმაც უფრო ჭკვიანური ვერაფერი მოიფიქრა და თქვა ”ნაციონალები” აჯანყებას ამზადებენო. რაღაც ახალი მაინც მოეფიქრებინა, ამბობენ რომ კარგი იურისტია. ამით ხომ 3 წლის წინ, მაშინდელმა შს მინისტრმა „გაგვახარა“ და დღემდე სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრული ამაზე...
ეს ახალი სახეები იმაზე მეტყველებს, რომ ძველი მოწვევის პარლამენტით, საშინლად უკმაყოფილოა ბიძინა ივანიშვილი. მთლიანად, 100%-ით შეცვლა არ გამოდის, ვინაიდან იქვე დაიბადება ინტრიგანული კითხვა - შეიძლება, ერთში ან ორში შეცდე, მაგრამ კოლექტიური შეცდომა? - არ შეიძლება, - განაცხადა სოსო ცინცაძემ.
პოლიტოლოგის შეფასებით, დემოკრატიული სტანდარტები არაა, როდესაც პარტიულ სიაში ადმინისტრაციის ჩონოვნიკები ხვდებიან, ან იმ პიროვნებას, ვინც მაღალი ალბათობით მაჟორიტარულ არჩევნებში წააგებს, ცვლი და სიაში სვამ.
”ეს არის დემოკრატია, რაც ჭკუასელთან დაკავშირებით მოხდა? - ნახეს რომ ვერ გაიმარჯვებს და მაშინვე სიაში ჩასვეს. ჭკუასელი ხალხის რჩეულის სახელით უნდა იყოს საკანონდებლო ორგანოში? ყველა პარტიაშია ასე, მხოლოდ ”ქართულ ოცნებაში” კი არა, მაგრამ რადგან ”ოცნება” მმართველი პარტიაა, მან მაგალითი უნდა მისცეს სხვებს. მმართველი პარტია არის ”მოდების კანონმდებელი”. როგორც იქცევა მმართველი პარტია, ყველა ბაძავს მას”, - განაცხადა ცინცაძემ.