გავლენიანი ამერიკელი კონგრესმენები პიტერ როსკამი და დევიდ პრაისი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ.
წერილი მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ რეზოლუცია მიიღო.
პიტერ როსკამი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარე, დევიდ პრაისი კი პალატის წევრია.
„დემოკრატიის პარტნიორობის პალატა“, რომელიც 2005 წლიდან მოქმედებს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული კომისიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 17 პარტნიორ სახელმწიფოსთან თანამშრომლობს, ეფექტური, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საკანონმდებლო ინსტიტუტების განვითარების მიზნით.
საქართველოს პარლამენტი აღნიშნული კომისიის აქტიური წევრი 2006 წლიდანაა.
„საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, „დემოკრატიული პარტნიორობის პალატამ“ შეიმუშავა სახელმწიფო მართვის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების პრაქტიკური ინსტრუმენტები, მეზობელი რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესიის არასტაბილური პერიოდის შემდეგ“, - აცხადებს კონგრესმენი როსკამი.
თავის მხრივ, კონგრესმენი პრაისი აღნიშნავს, რომ რეზოლუციის მიღება ნათლად ადასტურებს, რომ კონგრესი მტკიცედ უჭერს მხარს კავკასიაში დემოკრატიისა და თვითგამორკვევის გზას“.
„დემოკრატიის პარტნიორობის პალატასთან“ მუშაობისას, თავად დავრწმუნდი, რომ ქართველი ხალხი დემოკრატიული პრინციპების ერთგულია და ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება რეგიონში მოქმედ გარე აგრესორებს, რომ წინ აღუდგნენ საქართველოს ნათელ მომავალს“,- აცხადებს კონგრესმენი პრაისი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2015 წლის ივლისში კონგრესმენები პიტერ როსკამი და დევიდ პრაისი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ.
„ჩვენი ვიზიტიდან დაახლოებით ერთ წელიწადში, „დემოკრატიის პარტნიორობის პალატა“ განაგრძობს მუშაობას ქართველ რეფორმატორებთან, კორუფციის დამარცხების, ეკონომიკის გაძლიერებისა და საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობის დამყარების მიზნით, რათა ქვეყანამ საერთაშორისო არენაზე გააძლიეროს საკუთარი პოზიციები“, - აცხადებს კონგრესმენი როსკამი.