თსუ-ს რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო

თსუ-ს რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო

თსუ-ში უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, რექტორობის პრეტენდენტთა რეგისტრაცია დღეს, 10.00 საათიდან დაიწყო და 14 სექტემბერს, 18.00 საათზე, დასრულდება. ამ მომენტისთვის განაცხადი არც ერთ კანდიდატს არ შეუტანია. 

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, პრეტენდენტებმა განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტებთან ერთად უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმა და კონცეფცია უნდა წარადგინონ. შესული განცხადებების განხილვა და კონკურსის საფუძველზე საუკეთესო კანდიდატურის გამოვლენა აკადემიური საბჭოს მიერ 23 სექტემბერს მოხდება.

გავრცელებული ინფორმაციით, რექტორობისთვის ბრძოლას თსუ-ს რექტორობის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე და განათლების მინისტრის მოადგილე გია შერვაშიძე აპირებენ.

თსუ-ს ყოფილმა რექტორმა ლადო პაპავამ თანამდებობა 30 მარტს დატოვა. ამის მიზეზი უნივერსიტეტში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე სტუდენტური საპროტესტო აქციები გახდა, რომელზეც სტუდენტები უნივერსიტეტში სისტემურ რეფორმებს და უნივერსიტეტის რექტორის გადადგომას ითხოვდნენ. პაპავა უნივერსიტეტის რექტორად 2013 წელს აირჩიეს.