აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ათეული ცნობილია. „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ სიაში პარტიის ძველ სახეებთან ერთად ახალი კადრებიც წარმოადგინა.
სიის პირველი ნომერი ნუგზარ სურმანიძეა, რომელიც 2012 წლიდან აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. სიის მეორე ნომერი აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით გაბაიძეა, მესამე ნომრად ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი შეირჩა, სიის მეოთხე ნომერი კი აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე ცოტნე ანანიძეა, მეხუთე ნომრად ბათუმის საკრებულოს დეპუტატი დავით თედორაძე წარადგინეს, რომელიც საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით მოხვდა, ერთი თვის წინ კი პარტია შეიცვალა და „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდა. სიის მეექვსე ნომერი ვლადიმერ მგალობლიშვილია, რომელიც 2012 წლიდან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. მეშვიდე ნომერი აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი დავით ბაციკაძეა. მერვე ნომრად აჭარის რადიოს თანამშრომელი ნინო ჩხეტია დასახელდა, მეცხრე - გიორგი მანველიძეა, რომელიც „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისიდან აჭარის რეგიონის კურატორია, მეათე ნომრად კი ბათუმის საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე შეირჩა.
„ქართული ოცნების“ პარტიული სია ჟურნალისტებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილმა გააცნო. მისი თქმით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამ არჩევნებზე იქნება უალტერნატივო და მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას“.
მისივე განმარტებით, სიის პირველი ნომერი ნუგზარ სურმანიძე თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე შეირჩა.
ირაკლი ჭეიშვილმა ავთანდილ ბერიძისა და არჩილ ხაბაძის შესახებაც გააკეთა კომენტარი.
„აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე არის ჩვენი გუნდის წევრი და სავარაუდოდ აღმასრულებელ რგოლში იქნება. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე რამდენდაც ვიცი, საქართველოს პარლამენტის პარტიულ სიაშია“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ტარდება. აჭარის საკანონმდებლო ორგანოში სულ 21 მანდატია.