სტოლტენბერგი: დღეს თქვენ ნატო-ს ახლო პარტნიორი ქვეყანა ხართ, რომელიც ნატო-ში გაწევრებისკენ ისწრაფვის

სტოლტენბერგი: დღეს თქვენ ნატო-ს ახლო პარტნიორი ქვეყანა ხართ, რომელიც ნატო-ში გაწევრებისკენ ისწრაფვის

ნატო-ს დელეგაციის წევრებთან გამართულ სამუშაო ვახშამზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოსა და ნატოს პარტნიორობის, თანამშრომლობისა და ერთობლივი მიღწევების სადღეგრძელო შესთავაზა.

საქართველოში ბევრად ადრე ვარ ნამყოფი, სანამ ნატო-ს გენერალურ მდივნად დავინიშნებოდი. ეს იყო 1985 წელს. მას შემდეგ აქ ბევრი რამ შეიცვალა. მაშინ საქართველო საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკა იყო. როგორც დღეს დილით ჩვენი ჩამოსვლისას ნორვეგიის ელჩმა აღნიშნა, მაშინ „ინტურისტი“ ერქვა ჩვენს სასტუმროს. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. მაშინ საქართველო მხოლოდ ვარშავის პაქტის მონაწილე იყო, დღეს კი თქვენ ნატო-ს ახლო პარტნიორი ქვეყანა ხართ, რომელიც ნატო-ში გაწევრებისკენ ისწრაფვის.

ასე რომ, 30 წლის წინ ჩემი პირველი ვიზიტის შემდეგ უდაოდ ბევრი რამ არის შეცვლილი. თუმცა, ბევრი რამ დარჩა უცვლელი, მათ შორის ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა, ქვეყნის სილამაზე - ის ხედები, რომლებიც ჩამოსვლისთანავე იპყრობს ყურადღებას - ასევე კულტურა, სიმღერა, ცეკვა და უგემრიელესი კერძები. მახსოვს, როდესაც პირველად ჩამოვედი, სწორედ ასეთი სუფრა გაიშალა. მაგიდაზე ბევრი კერძი დაგვხვდა. ყველაფერი გეახელით, მაგრამ მოგვიანებით გავიგე, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და ძალიან ბევრი სხვა კერძი დაემატებოდა სუფრას ვახშმის მსვლელობისას. ასე რომ, გაფრთხილდით. მხოლოდ იმდენი მიირთვით, რამდენსაც შეძლებთ.

დღევანდელი ვახშმის დაწყებისას იმედის თვალით შევყურებ ამ უმშვენიერეს ქვეყანაში ჩვენს თავყრილობას, რადგან წინ უგემრიელესი კერძები და საუცხოო მუსიკა გველის. ყოველივე ამის ფონზე გთავაზობთ საქართველოსა და ჩვენი პარტნიორობის, თანამშრომლობისა და ერთობლივი მიღწევების სადღეგრძელოს!