საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობის თემაზე საუბრობს.
ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ყველა სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ ინტერესებზე და ძალიან ხშირად ხდება და არამარტო ჩვენ რეგიონში, რომ მეზობელი მეზობლის ტერიტორიებს ეხება.
"მთავარი რაც უნდა გავიაზროთ არის ის, რომ ხელისუფლება კარგად უნდა შევარჩიოთ. ის, რომ რუსეთმა მოახერხა რაც მოახერხა, ლომის წვლილი ამაში სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას" ეკუთვნის. მაკკეინმაც კი აღიარა, რომ სააკაშვილმა უხეში შეცდომები დაუშვა, როდესაც საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო. რომ არა გაუაზრებელი ქმედება ჩვენი ხელისუფლებისა, არაფერი მოხდებოდა და რუსეთი ჯარს ვერ შემოიყვანდა.
ნაცვლად იმისა, რომ მეზობელი სახელმწიფოების დახასიათება დავიწყოთ და ვეცადოთ, მათ გემოვნება ან სტრატეგია შევუცვალოთ, უნდა ვიფიქროთ სწორი ხელისუფლება შევარჩიოთ და სწორედ ვმართოთ ჩვენი ქვეყანა, ესაა გამოსავალი", - განაცხადა ივანიშვილმა.