"რესპუბლიკელები" კოალიცია "ქართული ოცნების" ცუდი პარტნიორები იყვნენ და პარლამენტში თუ მის გარეთ, ხშირად, ოპოზიციის როლს ითავსებდნენ.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
"დავით უსუფაშვილთან ხშირად ვსაუბრობდი, ყველაზე მეტ დროს ვხარჯავდი მასთან. იმედი მქონდა, რომ საკუთარ გამოცდილებას კოალიციაში შეიტანდნენ, მაგრამ საუბედუროდ, მოხდა საპირისპირო - მათ ვერ მოახერხეს კოალიციაში საკუთარი გამოცდილებისა და თვისებების დანერგვა. ისინი იყვნენ ცუდი პარტნიორები 4 წლის განმავლობაში. ძალიან ხშირად, ბევრ თემებში რაც იყო პრინციპული, პარლმანეტში თუ მის გარეთ, ოპოზიციის როლში მოგვევლინებოდნენ ხოლმე", - განაცხადა ივანიშვილმა და მაგალითად უსაფრთოხების სამსახურის პოლიციიდან გამოყოფის საკითხი გაიხსენა, როდესაც "რესპუბლიკელები", ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, წინააღმდეგნი იყვნენ.
მისი თქმით, "რესპუბლიკური პარტიის" წერები პოლიციის და უსაფრთხოების სამსახურის დასუსტებას ცდილობდნენ.
"მათი ცოდნა არც ოპოზიციას და არც სახელმწიფოს არ წაადგა", - განაცხადა ივანიშვილმა.