კვლევის თანახმად, ყველაზე მეტი მხარდამჭერი "ნაციონალურ მოძრაობას" სამეგრელოს რეგიონში ჰყავს.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 2012 წლისგან განსხვავებით მშვიდად ჩაივლის.
"არჩევნები იმისთვის არის, რომ შევეჯიბროთ. ოღონდ შეჯიბრი უნდა იყოს და არა ბრძოლა. ბრძოლა ჩვენ გავიარეთ 2012 წელს, ძალიან მძიმე და იმედი მაქვს, რომ ბრძოლის ნაცვლად, ახლა კულტურულ არჩევნებს ჩავატარებთ", - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილი კორცხელის ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროვოკაციის უკან "ნაციონალური მოძრაობა" დგას.
"ქართულ ოცნებას" მართებს მეტი სიფრთხილე. კამერები უნდა იყოს ძალიან ბევრი ამ არჩევნებში, ისევე როგორც იყო 2012 წლის არჩევნებში. ჩვენ კამერებით მოვახერხეთ იმ ძალადობის შეჩერება, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებიდან მოდიოდა. პოლიცია იყო ძირითადი ინსტრუმენტი "ნაციონალური მოძრაობის" ხელში ძალადობისთვის საკუთარ ხალხზე. ასეთი რამ, დღეს არ ხდება. პროვოკაციები ნაკლები ხდება, თუმცა მცდელობები იქნება ძალიან ბევრი", - განაცხადა ივანიშვილმა.