პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭო (NAC) მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
დავით უსუფაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე საუბარი იყო ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წევრების შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაიმართა. თავად შეხვედრას უსუფაშვილი წარმატებულად და ნაყოფიერად აფასებს.
„ზოგადად, ნატო რასაც გვპირდება, ასრულებს. შეგვპირდნენ, რომ 2016 წლის სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა ჩატარდებოდა საქართველოში და ამას ჰქონდა ძალიან კონკრეტული მიზანი და ამოცანა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ. ამით ორივე მხარეს გვინდოდა ხაზი გაგვესვა იმისთვის, რომ სწორედ შუა საარჩევნო კამპანიაში, საქართველოს წამყვანი პოლიტიკური პარტიები კიდევ ერთხელ ვეუბნებით ქართულ საზოგადოებას, რომ ჩვენი სვლა ნატო-სკენ არის წარმატებული და ყოველი დღე ჩვენ გვაახლოებს იმ ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას, როდესაც ქვეყანა იქნება საბოლოოდ და სამუდამოდ დაცული. ჩვენ ამ შეხვედრაზე გვქონდა საშუალება, ჩვენი პოზიციები გამოგვეთქვა. დილით მქონდა შეხვედრა სტოლტენბერგთან, სადაც კიდევ უფრო სხვა მნიშვნელოვან და კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბრეთ. გაფართოებულ ფორმატში ჩვენ მოვისმინეთ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ძალიან მყარი პოზიცია, რომ არამხოლოდ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებაა შეუქცევადი პროცესი, არამედ მანამდეც არის ძალიან ბევრი პროგრამა, რომელიც წარმატებით ხორციელდება“, -განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფო კმაყოფილია საქართველოში მიმდინარე რეფორმებით.
„თუმცა ცხადია, მათაც აღნიშნეს და ჩვენც ვიცით, რომ კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი სასამართლოს მიმართულებით, სხვა მიმართულებით. ამაზეც იყო საუბარი. რაც შეეხება სასამართლოში არსებულ საკითხებს, აქ სტოლტენბერგიც და სხვებიც მიესალმნენ იმ წინგადადგმულ ნაბიჯებს, რაც გაკეთდა, მაგრამ ამბობენ, რომ დიახ, ჩვენც ვხედავთ, რომ გასაკეთებელი არის ჯერ კიდევ ბევრი. ეს ასეა, მაგალითად პარლამენტმა ვერ შევძელით მესამე ტალღის რეფორმების კანონის მიღება და ბოლომდე მიყვანა. ეს ჩვენც ვიცით, მათაც იციან და ეს არ არის კარგი“, - დასძინა დავით უსუფაშვილმა.